Web Portal on Human Rights in Georgia

აქცია სარწყავი წყლის მოთხოვნით

08.08.2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

4 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში ადგილობრივებმა, სარწყავი წყლის მოთხოვნით, გორი-მეჯვრისხევის საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას და პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ.

,,ხელთუბნელი კაცი რომ წავა და კიტრს და პომიდორს იყიდის, ეს არის ცხოვრება? სარწყავი წყლის პრობლემის გამო მოსავალი ვერ მოგვყავს და გვიხმება", - აცხადებს ვახტანგ ტერმაკოზაშვილი.

ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლამდე აქციის მონაწილეებთან სამართალდამცველები მივიდნენ და გადაკეტილი საავტომობილო გზის გათავისუფლება მოსთხოვეს. აქციის მონაწილეებს შიდა ქართლის გუბერნატორი და მელიორაციის სამსახურის თანამშრომლები შეხვდნენ.

,,მე მაქვს 40 მეასედზე სიმინდი, სხვას აქვს 500 ჰა, თუ კი მას აქვს სარწყავი წყალი, ჩვენც მოგვცენ და ნუ დაგვტოვებენ მშიერს", - განუცხადეს ხეთუბანში ჩასულ მხარის გუბერნატორს აქციის მონაწილეებმა.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სარწყავი წყლის პრობლემას ორი გარემოება ქმნის. მათგან პირველი - ცხელი სეზონია, რომელიც წყლის დეფიციტს იწვევს, ხოლო მეორე პრობლემას ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ზონკარის წყალსაცავისა და ტირიფონის არხის სათავე ნაგებობა წარმოადგენს, საიდანაც წყლის საკმარისი რაოდენობა არ მოდის.

,,საგანგებო რეჟიმში მუშაობს მელიორაციის სამსახურის საგანგებო შტაბი, ჩვენ გავერკვევით სიტუაციაში და მაქსიმალურად ვეცდებით, დავეხმაროთ მოსახლეობას", - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ.
 
<< back