Web Portal on Human Rights in Georgia

ორი თვე სოფელ ტახტისძირის ტრაგედიიდან

12.08.2017
 
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

13 აგვისტოს ორი თვე გადის სოფელ ტახტისძირში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ფაქტიდან,თუმცა საქმე კვლავ გამოძიების პროცესშია. გამოძიება სსკ 109 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს.

13 ივნისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილის მანანა და მერი ჯაფიაშვილების შემზარავი მკვლელობის შესახებ გახდა ცნობილი. გარდაცვლილები, პირველად, მეზობელმა მზია ივანიშვილმა  მათსავე საცხოვრებელ სახლში  ნახა.  ივანიშვილი იხსენებს, რომ დედა-შვილს ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები.  

,,სავარაუდოდ ღობიდან გადაძვრა, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა და უდანაშაულო დედა-შვილი დახოცა. ღობეზე ეტყობოდა ნაფეხურები და იქვე მდგარი ყვავილის ქოთანი გატეხილი იყო.  მკვლელობა ღამის საათებში მოხდა. დაკითხეს თითქმის მთელი სოფელი და ველოდებით გამოძიების დასრულებას და კითხვაზე პასუხს, თუ ვინ ჩაიდინა ეს სისასტიკე“, - აცხადებს მზია ივანიშვილი.

ტახტისძირში გამოძიების დაჩქარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, ერთი თანასოფლელი პოლიციამ უკვე დააკავა და ის  იარაღი ამოუღეს, რომლითაც, სავარაუდოდ, დედა-შვილია მოკლული.

Humanrights.ge-ს  შს სამინისტროს პრესსამსახურში  დაუდასტურეს,  რომ ტახტისძირში მცხოვრები ერთი პირი დაკავებული ჰყავთ, თუმცა  ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით. ძალოვან უწყებაში არ აკონკრეტებენ,  პოლიციის მიერ ამოღებული იარაღით  ნამდვილად მოხდა თუ არა დედა-შვილის მკვლელობა.

გამოძიების გაჭიანურების გამო საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი ჩაერთო.  ორგანიზაციის, შიდა ქართლის ოფისის, იურისტი ალექსი მერებაშავილი დაზრალებულების უფლებამონაცვლის ინტერესებს დაიცავს.

,,2017 წლის ორი აგვისტოდან, დაზარალებულების უფლებამონაცვლის ინტერესების დაცვისა და გამოძიების სწრაფი და ეფექტური განხორციელების მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრი ჩაერთო საქმეში. საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობის შემდეგ მივმართავთ შესაბამის ორგანოებს ამა თუ იმ საგამოძიებო მოქმედებებისა თუ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მოთხოვნით“, - აცხადებს ალექსი მერებაშვილი.

<< back