ჟურნალისტური მოკვლევა
30 დეკემბერი, 2009
ერთთვიანი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, მოვიპოვეთ ინფორმაცია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენი თანხა იხარჯება პრემიების სახით შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის. ჟურნალისტური გამოძიებით, გაირკვა, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკები პრემიების სახით დიდძალ თანხებს იღებენ, მათ შორის - ისინიც, ვინც სამსახურში არ დადის, ან დადის, მაგრამ რას აკეთებს, არავინ იცის.
22 მაისი, 2009
ეს ამბავი კრიმინალურ ისტორიასაც ჰგავს, მძაფრსიუჟეტიან საექიმო სერიალსაც, ერთი თაღლითობის ისტორიასაც, აბსურდის დრამასაც... ამ უკანასკნელს ყველაზე მეტად. მასში აბსურდის კვანძი მოგვიანებით, სასამართლო დარბაზებში, შეიკვრება, წინაისტორია კი სამეცნიერო ფანტასტიკას უფრო ჰგავს. ყველაფერი ერთი დისერტაციის ისტორიით დაიწყო. თბილისელმა მეცნიერმა ყირგიზეთში მეცნიერული კვლევა ჩაატარა. იგი, ექიმ-გინეკოლოგი, ამ მუსლიმანურ ქვეყანაში მოგროვილ ემპირიულ მასალაზე სტერილიზაციის, ანუ შობადობაზე კონტროლის პრობლემას, შეისწავლიდა. ეს თითქმის ისევე ძნელი იქნებოდა, როგორც არქტიკაში ჟირაფების შობადობაზე ან მწერების მიმიკრიაზე დაკვირვება, რადგან სტერილიზაცია ქირურგიული ჩარევის შედეგად გამრავლების უნარის დაკარგვას ნიშნავს და მუსლიმანურ ქვეყნებში ადათით, რელიგიით და, მათგან გამომდინარე, კანონითაც პირდაპირ ან ირიბად იკრძალება. მეცნიერმა ემპირიული მასალა მაინც მოიპოვა, კვლევაც ჩაატარა და დისერტაციაც დაიცვა. ყირგიზეთის მთავრობასთან არსებულმა სადისერტაციო კომისიამ მას სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიანიჭა. ეს 1985 წელი იყო - ისტორიის დასაწყისი. შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა.
7 აპრილი, 2009
გაგრძელება
რატომ არ შედგა მივლინება მიწის ქვეშ?!
განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნის (#4580/18) დეტალებს მოსამართლე, თავად ექსპერტები და ადვოკატები ორი დღის განმავლობაში არკვევდნენ და ხშირად კურიოზულ მდგომარეობამდეც მიდიოდნენ. ექსპერტები დასმულ შეკითხვებს ხანდახან ისეთ პასუხებს სცემდნენ, რომ სერიოზულად იბადებოდა ეჭვი, საერთოდ ესწრებოდნენ თუ არა ეს ადამიანები ექსპერტიზის პროცესს, ან, საერთოდ, ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ექსპერტებმა მხოლოდ ის შეამოწმეს, რაც მიწის ზევით ჩანდა, არადა, სამუშაოების დიდი წილი სწორედ მიწის ქვეშ იყო ჩატარებული. სასამართლოს შემადგენლობა მოწმე გახდა ბრალდებულის ადვოკატ ალექსანდრე ბარამიძესა და განმეორებითი ქსპერტიზის მონაწილე სპეციალისტს მამუკა კალანდაძეს შორის გამართული ასეთი დიალოგისა: