როგორც ცესკოს მიერ, ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის მიწერილი წერილიდან ირკვევა, შუალედურ არჩევნებში დამარცხებულ ოთხ კანდიდატს, მათ მიერვე ცესკოს ანგარიშზე განთავსებული თანხა - 5 ათასი ლარი უკან დაუბრუნდათ.
არჩევნებში დამარცხებული კანდიდატებისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა და ბათილად ცნო საარჩევნო კოდექსის ის ნორმა, რომელიც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ცესკოს ანგარიშზე 5 ათას ლარიანი დეპოზიტის შეტანას ავალდებულებდა. ეს მოთხოვნა არ ეხებოდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარმდგენ სხვა ისეთ საარჩევნო სიბიექტებს, როგორებიცაა - პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი. ამასთან, აღნიშნული თანხა კანდიდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში უბრუნდებოდა, თუკი იგი არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 10 %-ს მიიღებდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად კი, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ იმ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, რომლებმაც შუალედურ არჩევნებში 10%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, ცესკოს ანგარიშზე შეტანილი 5 ათასი ლარი უკან დაუბრუნდათ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი