კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა როლი ჰქონდა ერგნეთის ბაზრობას კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრის პროცესში და რა შეიძლება იყოს მისი ალტერნატივა

23 ივლისი, 2024

ნინო ნარიმანიშვილი, თბილისი

კონფლიქტის ტრანსფორმაციის საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. საქართველოს ასეთი ტიპის გამოცდილება უკვე აქვს ე.წ. ერგნეთის ბაზრობის სახით, მიუხედავად, ამ ბაზრობის პრობლემური მხარეებისა.

რა იყო და როგორ გაჩნდა ერგნეთის ბაზრობა? რა იყო მისი უარყოფითი მხარე? რას ცვლიდა ამ ბაზრობის არსებობა კონფლიქტით გახლეჩილი ადამიანების ურთიერთობებში? რა შეიძლება იყოს მისი ალტერნატივა და რატომ არის ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანი კონფლიქტის მოგვარებისთვის?

როგორ გაჩნდა ერგნეთის ბაზრობა

სოფელი ერგნეთი გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ცხინვალიდან რვა კილომეტრში. 1990-იანი წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ ეს სოფელი სპონტანურად იქცა ადგილად, სადაც კონფლიქტით გახლეჩილ ქართველებსა და ოსებს შორის ნდობაზე დამყარებული ეკონომიკური ურთიერთობები ჩამოყალიბდა.

ქართულ-ოსური კონფლიქტის თანამედროვე ისტორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ცხინვალს სურდა დამოუკიდებლობა, საქართველომ კი საპასუხოდ საერთოდ გააუქმა ავტონომიური ოლქის სტატუსი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი შიდა ქართლის რეგიონში შეიყვანა.

პირველი შეიარაღებული წინააღმდეგობა და პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა ნოემბერ-დეკემბერში 1989 წელს. აქტიური საომარი მოქმედებები კი მიმდინარეობდა 1991-1992 წლებში და დასრულდა 1992 წელს დაგომისის შეთანხმების ხელმოწერით, რაც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტას და შეიარაღებული ფორმირებების კონფლიქტის ზონიდან გაყვანას ავალდებულებდა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან თავისი სამხედრო ნაწილების გაყვანა რუსეთსაც დაევალა. შეიარაღებული დაპირისპირების დროს, სხვადასხვა მონაცემებით, გარდაიცვალა 10 ათასამდე ადამიანი ყველა მხრიდან, ხოლო 100 ათასამდე ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი დატოვა როგორც დევნილმა და იძულებით გადაადგილებულმა პირმა.

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი 2008 წლის აგვისტომდე განიხილებოდა, როგორც “გაყინული” კონფლიქტი. 2008 წლის რუსეთსა და საქართველოს შორის 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვსა და თბილისს შორის კი შეწყდა.

სამხრეთ ოსეთი აგრძელებს ცხოვრებას როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც მხოლოდ რუსეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი კი მას აღიარებს, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს.

ერგნეთის ბაზრობა, როგორც ასეთი, ბაზრად არ გახსნილა. ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის დაძაბვამდე, სოფელი ცხინვალს უკავშირდებოდა და აქ ვაჭრობა მოსახერხებელი იყო.

„ერთ დღეს ერთმა ერგნეთელმა ბებომ ორი კალათით რძე, ყველი და კვერცხი წაიღო და სოფლის ბოლოს, ცხინვალთან დადგა. მეორე დღეს, ვიღაცამ ვაშლის კალათი მიუდგა. მოვიდა გამვლელი ოსი, იყიდა, რაც სჭირდებოდა და ხვალაც მოვალო, დაიბარა. მერე იმ ორ გამყიდველს  კიდევ ორი დაემატა, მერე კიდევ ორი, მერე ნელ-ნელა ჯერ დახლები გაჩნდა, შემდეგ ჯიხურები და ასე გაჩნდა ერგნეთის ბაზრობა“, – ყვებიან სოფელ ერგნეთში.

ასე გაჩნდა 1996 წელს  ე.წ. ერგნეთის ბაზრობა. დაახლოებით 50 ჰექტარ ტერიტორიაზე გადაჭიმული  ერთგვარი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარებოდა.

ბაზრობაზე ძირითადად რუსეთიდან შემოტანილი უაქციზო ბენზინით, შაქრით, სიგარეტით, ფქვილითა და ხორბლით ვაჭრობდნენ. ბაზრობაზე იყიდებოდა ასევე სხვა სახის, დიდწილად კონტრაბანდული პროდუქტები: ხილი, ბურღულეული, ბოსტნეული და სხვა.

„მაშინ საქართველო ძალიან ღარიბი, უქონელი ქვეყანა იყო, ბევრი პრობლემა ჰქონდა. ცხინვალს ჰქონდა რუსეთთან მჭიდრო მიმოსვლა როკის გვირაბით და ამ გზით დაიწყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების შემოტანა, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო“, –  გვიამბობს  კოალიცია „დევნილთა უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ზურაბ ბენდიანიშვილი.

მისი მონაყოლით, თავდაპირველად, პროდუქტი შემოჰქონდათ ოსებს, რუსეთიდან. ლიახვის ხეობის ქართული მოსახლეობა ამ პროდუქტს ინახავდა და ყიდდა. მერე, დროთა განმავლობაში ამ ადგილას სავაჭროდ უკვე საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც დაიწყეს ჩასვლა:

„ფაქტობრივად, ეს გახდა საქართველოს პროდუქტების მომარაგებით არტერია. საერთოდ ყველანაირი პროდუქცია, რაც რუსეთში იწარმოებოდა, შემოდიოდა,  ჩამოდიოდნენ, ბათუმიდან, სხვა ქალაქებიდან და ყველას მიჰქონდა პროდუქტი ერგნეთის ბაზრობიდან“, – ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი.

რატომ იყო ერგნეთის ბაზრობა პრობლემური და ამავდროულად, რა როლი ჰქონდა ურთიერთობების დალაგებაში

ამ სპონტანურ ბაზრობას ჰქონდა ბევრი შავი ხვრელი. ერგნეთის არაკონტროლირებად ბაზრობაზე ძალიან დიდი იყო კონტრაბანდის მასშტაბები. იყიდებოდა კონტრაბანდული სიგარეტი, ფქვილი, ბენზინი. ხდებოდა იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობაც კი.

ნაშრომში, „კონტრაბანდის პრობლემა საქართველოში: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი“, რომელიც გამოცემულია ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევითი ცენტრის საქართველოს ოფისის მიერ 2004 წელს, ვკითხულობთ, რომ ერგნეთის ბაზრის გავლით რუსეთიდან საქართველოში ძირითადად ხდებოდა ხორბლის, სიგარეტის, საწვავის და პირველადი მოხმარების სხვა საქონლის (ძირითადად საკვების) კონტრაბანდა:

„საგანგებო ლეგიონის მონაცემებით, ერგნეთის ბაზრიდან თბილისში ყოველდღიურად დაახლოებით 150 მსუბუქი ავტომობილი მოძრაობს, რომლებსაც 500 000 ლარზე მეტი ღირებულების კონტრაბანდული საქონელი შემოაქვს (მათ შორის რუსეთში წარმოებული თამბაქოს ნაწარმი). ერგნეთის „ოფშორიდან“ თბილისში კონტრაბანდული საქონლის წლიური ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი ლარია (დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი). თუმცა, ავზებით საქართველოს სხვა რეგიონებში გადაზიდული ბენზინი და დიზელი არ შედის აღნიშნულ ფიგურაში. ამ შემთხვევაში, ცხინვალის რეგიონში, ერგნეთის ბაზარზე კონტრაბანდულ საქონელზე დახარჯული ნაღდი ფული საქართველოდან გადინებულ კაპიტალში უნდა ჩაითვალოს“

მაგრამ, საზოგადოების ნაწილის აზრით, ერგნეთის ბაზრობას ჰქონდა პოზიტიური გავლენა ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე.

ლია ჩლაჩიძე სოფელ ერგნეთში ცხოვრობს.  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ეს სოფელი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ბოლო დასახლებული პუნქტია. ლიას სახლი გამყოფი ხაზიდან  ორას მეტრშია. ის ამ ზონაში, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ბოლო მოსახლეა.

ლია ჩლაჩიძეს კარგად ახსოვს, როგორ იქცა ეს სოფელი დიდი თავშეყრის საკვანძო ადგილად. ახსოვს,  როგორ ეძინათ მის სახლში, ერთ ოთახში, ქართველ, ოს, აფხაზ და სომეხ მოვაჭრეებს, როგორ საუზმობდნენ დილით ერთად მოხარშული კვერცხით და როგორ ანდობდნენ  ერთმანეთს ასობით ათას ლარს. ეს ხალხი, ვინც მაშინ ლია ჩლაჩიძის სასტუმროდ გადაკეთებულ სახლში ათევდა ღამეებს, ორ ლარად, ერგნეთის ბაზრობის მოვაჭრეები იყვნენ:

„აი, ამ ოთახში მოხვედრილა ქართველიც, ოსიც, რუსიც, სომეხი და აზერბაიჯანელიც. მახსოვს ისეთი შემთხვევებიც, როცა ერთად, ერთ ოთახში ეძინათ ყველას, ერთად ჭამდნენ.  იმის შიში არ ჰქონდათ, რომ თავს დაესხმებოდათ ვინმე  და ფულს წაართმევდა, გამოსძალავდა. ერთმანეთს უტოვებდნენ დიდი ოდენობით ფულად თანხას, რომ სანამ წავიდოდა მანქანით და მობრუნდებოდა, მეორე მანქანა დატვირთული დახვედროდა“, – იხსენებს იგი.

„ერგნეთის ბაზრობა იყო ძაბრის ყელი, სადაც რუსეთის ეკონომიკური რესურსები ჩამოდიოდა, აქ თავს იყრიდა და მთელი სამხრეთ კავკასია აქედან ყიდულობდა რუსულ პროდუქტებს. ამაში იყო ძალიან სერიოზული საბაზრო ურთიერთობები, რასაც შეიძლება ვერ აუვიდოდა ძალიან  სერიოზული ბაზრობაც კი, და აქ ერთი ბაზრობა ახორციელებდა ამას, ნახევრად ლეგალურ და ნახევრად გამჭვირვალე პირობებში. ძალიან დიდი ფული ტრიალებდა და ამ დიდი ფულის გამკონტროლებელი იყო ოსური საზოგადოება“, – ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, მაშინ, ამ ბაზრობის წყალობით, მიუხედავად მისი შავი ხვრელებისა, ოსური საზოგადოება ეკონომიკურად ქართულ მხარეს დაუკავშირდა, ქართულ ეკონომიკასა და სავაჭრო სივრცეზე დამოკიდებული გახდა.

იგი ამბობს, რომ მაშინ, ოსურ საზოგადოებას საკმაოდ მაღალი შემოსავალი ჰქონდა და ცდილობდა, ეს შემოსავალი რუსული გავლენისგან დაეცვა. ამიტომ, ისინი ამ ფულს თბილისში, საქართველოს ბანკებში აბანდებდნენ. ოსურ მხარეს ერჩია ვაჭრობა ლარში ყოფილიყო და არა რუბლში. ამავე დროს, ისინი არ ენდობოდნენ რუსულ, კრიმინალურ, ნახევრად მაფიოზურ სისტემას და მეტად ენდობოდნენ საქართველოს, სადაც ასევე იყო კორუფცია, მაგრამ უფრო ცივილური და არ იყო კრიმინალი:

„მათ ერჩიათ ქართულ მხარესთან ნდობით შექმნილი ურთიერთობები. ეს ხელს უწყობდა ქართულ-ოსურ შერიგებას. პრაქტიკულად, ერგნეთის ბაზრობა რომ გაგრძელებულიყო და არ დახურულიყო, დღეს კონფლიქტი მოგვარებული იქნებოდა“.

ლია ჩლაჩიძისთვის ის პერიოდი კარგად აჩვენებს, რომ შერიგების რესურსი ამოწურული არ იყო: „ხალხმა შერიგება დაიწყო, შერიგდა ფაქტობრივად, ერთობლივი საწარმოები გააკეთეს“.

იგივეს ამბობს ზურაბ ბენდიანაშვილიც:„ქართულ სოფლებში ისევ დაბრუნდნენ ოსები. ოჯახებში თუ მიხვიდოდი დღეობებზე, სუფრაზე აუცილებლად იყვნენ ოსებიც, ნათელ-მირნობა აღდგა.  და ბევრია კიდევ, შეუმჩნეველი, რაც ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ არსებობდა. ყველაზე მთავარი, იქ იყო რამდენიმე ასეულ ათასობით ლარსა და დოლარზე საუბარი, რომელსაც ერთმანეთს ანდობდნენ. ეს იყო ყველაზე დიდი ხარისხის ნდობა, რაც შეიძლება არსებობდეს“.

ერგნეთის ბაზრობის გაუქმება და გაწყვეტილი კავშირები

ერგნეთის ბაზრობა 2004 წელს დაიხურა. იმდროინდელი ხელისუფლება ამას ორი არგუმენტით ხსნიდა: ერთი ის, რომ ეს ბაზრობა ქართული ეკონომიკის დიდი შავი ხვრელი იყო და დიდ ზარალს აყენებდა ქვეყანას.

და მეორე, ერგნეთის ბაზრობის დახურვის ერთ-ერთ მიზეზს განაპირობებდა ის, რომ „სამხრეთ ოსეთის“  დე ფაქტო მეთაური, ედუარდ კოკოითი, თავის ეკონომიკურ ძლიერებას სწორედ ერგნეთის ბაზრობაზე ამყარებდა, ხოლო ერგნეთის ბაზრობის დახურვით ქართული მხარე შეეცადა კოკოითის პოზიციების შესუსტებას და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ლოიალობის მოპოვებას.

„ბაზრობის დახურვა იყო დანაშაულის ტოლფასი. ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ეიფორიაში იყო, უაზრო გადაწყვეტილება მიიღო. მას ეგონა, რომ ის ფინანსური ნაკადები რაც მოძრაობდა, არც მთლად  კანონის ფარგლებში, გახდებოდა ლეგიტიმური და საქართველოს ბიუჯეტი მიიღებდა შემოსავალს. ლოგიკა გასაგებია, მაგრამ, უნდა განესაზღვრათ რომ დახურვით ის გაქრა, აორთქლდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა ეს ბაზრობა გამხდარიყო გამჭვირვალე, კანონიერი და სულ დაკარგეს  გამჭვირვალეობაც, კანონიერებაც, ფულიც და ოსებთან შერიგების საშუალებაც“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი

ზურაბ ბენდიანაშვილი ამბობს, რომ მიუღებელი იყო ის ფორმაც, რა ფორმითაც ეს ბაზარი დაიხურა, – მყისიერად, ძალადობით:

„ეს მოხდა ყოველგვარი გაფრთხილებისა და გარკვეული სამუშაოების გარეშე. საკმაოდ დიდი პროდუქცია ან გამოტანილი იყო ქართული მხარის მიერ, ან შემოტანილი ოსური მხარის მიერ და ერთ დღეში მოისპო ის, რაც ამდენი წელი არსებობდა. შეუსრულებელი ვალდებულებები დარჩა ბევრი, დეფიციტი შეიქმნა, გაქრა მაღაზიებისთვის პროდუქტების მიწოდების საშუალება, რაც ეტაპობრივად უნდა აღმოფხვრილიყო. ანუ ეს მოულოდნელობის ეფექტი იყო ძალიან ცუდი, რამაც ძალიან ბევრი რამ დააზიანა“.

ერგნეთის ბაზრობის დახურვის შემდეგ  გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობასთან ეკონომიკური ურთიერთობები შესუსტდა. ამის შემდეგ ერთადერთი საშუალება რჩებოდა – ტრანსპორტი, რომელსაც კონფლიქტის ტერიტორიიდან საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის მიმართულებით გადაჰყავდა მოსახლეობა. ასე მათ შეეძლოთ, თავიანთი სოფლის მეურნეობის პროდუქტი გაეყიდათ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე და არა ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც ტერიტორიულად უფრო დიდ მანძილზე იყო დაშორებული.

2008 წლის ომის შემდეგ კი ეს ეკონომიკური ურთიერთობაც შეწყდა. აგვისტოს ომის შემდეგ, კონფლიქტის ზონაში მიმოსვლა ნაწილობრივ რუსულმა მხარემ, ხოლო ნაწილობრივ ქართულმა მხარემ ჩაკეტა. ამან სრული დისტანცირება გამოიწვია და შეაჩერა სავაჭრო ურთიერთობები. შესაბამისად, კონფლიქტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დამოკიდებულება ქართულ ეკონომიკურ სივრცეზე, ფაქტობრივად, გაქრა.

რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ერგნეთის ბაზრობის დახურვის ნაცვლად. რა შეიძლება გაკეთდეს დღეს

პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ 2004 წელს მაშინდელ ხელისუფლებას სიტუაციის გაჩერების ნაცვლად [რაც ბაზრობის გაუქმებით გამოიხატა], სიტუაციის გამოსწორებაზე უნდა ეფიქრა:

„საჭირო იყო, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა, მსუბუქად დალაპარაკება, რომ არ გვინდა ნარკოტიკები, კონტრაბანდა, არ უნდა იყიდებოდეს იარაღი და ასე შემდეგ და მოდი, ამით დავიწყოთ. ანუ, ნელ-ნელა სეგმენტები უნდა გაეუქმებინათ და ეგრძნობინებინათ ოსებისთვის, რომ ჩვენ შეიძლება ბაზრობა დავხუროთ, ეს არავის არ აწყობს, არც ჩვენ გვაწყობს, ამიტომ, მოდი კონტროლს დავუქვემდებაროთ, თქვენც იხეიროთ და ჩვენც. მათ ეს არ გააკეთეს, მათ ამოქოლეს ყველაფერი, ეს ძალიან დიდი განსხვავებაა“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე ფიქრობს, რომ კონტრაბანდის პრობლემის მოგვარება მაშინ ორი გზით შეიძლებოდა:

„ერთი გზა იყო ლეგალიზაცია, მოლაპარაკება, რომ (კოკოითი იყო მაშინ დე ფაქტო  პრეზიდენტი) ყველამ გადაიხადოს საბაჟო გადასახადი. მაგრამ, საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს  მიუღებელი იყო, ვინაიდან, თვლიდნენ, რომ ეს ნიშნავდა  დე ფაქტო  მთავრობის აღიარებას. მეორე გზა იყო ეკონომიკური მეთოდებით,  – შეიძლებოდა, რომ შეექმნათ ალტერნატიული ბაზრობები, მაგალითად, გორში, თბილისში  და იგივე ფასებით გაეყიდათ პროდუქტი. კონტრაბანდის პრობლემა მოგვარდებოდა და ეს ბაზრობა გადავიდოდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. იყო მაშინ ამის შესაძლებლობა“.

კითხვაზე, რა შეიძლება დღეს იყო ერგნეთის ბაზრობის ალტერნატივა,  ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ იქ შეიძლება გაკეთდეს თავისუფალი ეკონომიკური ზონა:

„როგორც ვიცი, არსებობს კიდეც  პროექტი, ცივილიზებულ დონეზე, ბანკები გახსნილიყო და ა.შ. ზონები იქნებოდა, ტერმინალი, ძალიან კარგი იქნებოდა და უამრავი ადამიანი დასაქმდებოდა, იმიტომ რომ ომის შემდეგ აქ ხალხს არაფერი აღარ გააჩნია და ოსებიც მიხვდნენ რომ იზოლაციაში ყოფნა არ შეიძლება“.

საუბრები, თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე, ან, ერგნეთის ბაზრობის რაღაც ფორმით აღდგენაზე, როგორც ქართულ, ისე ოსურ საზოგადოებაში, პერიოდულად აქტიურდებოდა კიდეც.  

რას ფიქრობს ამ საკითხზე ხელისუფლება დღეს, არ ვიცით. JAMnews ეცადა მიეღო კითხვებზე პასუხი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან, მაგრამ, უშედეგოდ.  

ალექსანდრე კუხიანიძე საუბრობს იმ პრობლემებზე, რის გამოც დღეს რაიმე ალტერნატიული სივრცის მოწყობა ვერ ხერხდება:

„ვინაიდან, საუბარია არამხოლოდ ტვირთების გადაზიდვაზე, ამავე  დროს ადამიანებზე, ვისაც მოაქვს ან მიაქვს ეს ტვირთი, რაც საპასპორტო კონტროლის გარეშე რთულია.  თუ ტვირთის მოძრაობაა, ხალხის კონტროლიცაა საჭირო. და ამიტომ, პრობლემაა ის, სად იქნება საბაჟო სამსახური და სად იქნება სასაზღვრო კონტროლი. სად იქნება საბაჟო? სახელმწიფო საზღვარზე? თუ იქ, სადაც ადმინისტრაციული საზღვარია.  თუ ქართველი მესაზღვრეები განლაგდებიან სახელმწიფო საზღვარზე, ეს ნიშნავს, რომ  დე ფაქტო  მთავრობა უთმობს და თანხმდება, რომ ისინი არიან სახელმწიფოს ნაწილი. თუ არის საუბარი ადმინისტრაციულ საზღვარზე, მაშინ გამოდის, რომ საქართველოს მთავრობა აღიარებს მათ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ამაზე არ არსებობს შეთანხმება“.

კონფლიქტოლოგები და ის ადამიანები, ვინც  წლებია იკვლევენ და აკვირდებიან საქართველოს კონფლიქტებისა და მხარეების ურთიერთობების დინამიკას, ფიქრობენ, რომ გამოსავალი სამთავრობო დონეზე მოლაპარაკებებია და ისევ და ისევ, მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური ნების არსებობა.

პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ასეთი ნება და სტრატეგია არ აქვს. 

„თუ ჩვენ გვინდა რაღაც მოხდეს, სულ ცოტა, უნდა გაიხსნას გზა ჩვენი მხრიდან, ცხინვალის მიმართულებით. უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით მანქანებმა მოძრაობა. როცა დიდი თოვლია, ჯვრის უღელტეხილზე მანქანები ჩერდებიან, კვირებით ვერ მოძრაობენ ლარსის უღელტეხილზე. რატომ არ შეიძლება რომ პარალელურად გაიხსნას ცხინვალის მიმართულებით? მაშინ რატომ გაიხსნა ბაზარი? –  იმიტომ, რომ ტვირთები მოძრაობდა. როცა ტვირთები მოძრაობს, იქ გაჩერება ხდება, დაფასოება, საგზაო ტურიზმია, ურთიერთობები იწყება, სადაც ტვირთები არ მოძრაობს, იქ ვერავითარი ბაზრობა ვერ იმოქმედებს, იქ გადაკეტილია გზები“.

ალექსანდრე კუხიანიძე კი ამბობს, რომ გამოსავალი, ისევ და ისევ, არის მოლაპარაკებები:

„საქმის გაფუჭება ძალიან ადვილია, შეიარაღებული კონფლიქტი ძალიან სწრაფად ხდება, საქმის გამოსწორებას კი ბევრი წელი სჭირდება. ვხედავთ, რამდენი წელი გავიდა და ისევ ვერ მოგვარდა. იმიტომ, რომ ეს რთულია, ბევრი ფაქტორია – ქვეყნის გარეთაც, შიგნითაც და არ არსებობს გამზადებული რეცეპტი, მე არ მაქვს, არავის აქვს. უბრალოდ, არსებობს გამოცდილებები, რომლებიც შეიძლება გაითვალისწინო და ეს უნდა გინდოდეს. პოლიტიკური ნება გვჭირდება, რომ შეთანხმებებზე და თავისუფალ ეკონომიკურ ზონებზე ვილაპარაკოთ. მაგრამ ეს შეთანხმებები დღემდე მხოლოდ თეორიაა, არ არსებობს, რთულია“.

პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ასეთი მოლაპარაკებები დღეს რთულია იმიტომ, რომ დღეს არ არსებობს ნდობა ქართულ და ოსურ პოლიტიკურ მხარეებს შორის:

„არც აქეთ და არც იქით, პოლიტიკაში, არ არსებობენ ადამიანები, ვინც ერთმანეთს ენდობიან. დიდი გაუცხოებაა. ერთმანეთს ელაპარაკებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით. სასაცილოა, როცა ყველას, მეც მათ შორის, მქონდა საშუალება პირდაპირ ამეღო ტელეფონი და დამერეკა ვინმე თანამდებობის პირისთვის ცხინვალში, ან სოხუმში. დღეს ეს წარმოუდგენელია“.

სტატიის რუსული ვერსია: shorturl.at/60TH0

ახალი ამბები