რამდენიმე ხნის წინ საქართველოს სახალხო დამცველმა ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრის გიორგი ხევიაშვილის მხრიდან საქმისადმი გულგრილი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შესახებ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილობით მიმართა.
როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ სოფო ხორგუანმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საქმიანობა არ აუმჯობესებს დევნილების უფლებებს, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს. მაგალითად, სამინისტროში წელს შესულია 23 961 წერილი, უწყებამ კი, აქედან მხოლოდ 8 964 წერილს უპასუხა.
ხორგუანის თქმით, სამწუხაროდ, დღემდე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა უფლებებიც ირღვევა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კი, სახალხო დამცველის არც ერთი რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია. ხევიაშვილმა სახალხო დამცველის მოხსენება, მისი პოზიცია თუ სატელევიზიო გამოსვლები სამინისტროსა და მინისტრის წინააღმდეგ მიმართული ე.წ. შავი პიარის კამპანიად მიიჩნია.
სოფო ხორგუანმა აგრეთვე განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აქტიურობის მიზანი რომელიმე უწყების უსაფუძვლო კრიტიკა არასოდეს ყოფილა, ამ შემთხვევაში კი დევნილთა უფლებების მასობრივ დარღვევაზე საუბრის საფუძველს მას უამრავი მოპოვებული მასალა, დადასტურებული ფაქტი და სამართლებრივი ანალიზი და შეფასება აძლევს.
როგორც სოფო ხორგუანმა აღნიშნა სახალხო დამცველი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან და ახალ მინისტრთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზად არის, რათა დევნილთა სოციალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდეს.
წყარო: მედიანიუსი