კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სააკაშვილს არ აქვს სწორი ინფორმაცია ,,კამპანია ბოდიშის“ შესახებ, ან შეგნებულად ცრუობს

1 დეკემბერი, 2007
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“  განცხადება

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  2007 წლის მარტში დაიწყო კამპანია „ბოდიში“, რომლის მიზანია ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენა, რაც საკუთარი შეცდომების აღიარებასა და ურთიერთმიტევებაში გამოიხატება.

ამ კამპანიის უშუალო ადრესატი არის სამოქალაქო საზოგადოება, უბრალო ხალხი, როგორც ქართული, ისე აფხაზური მხრიდან. კამპანიის მთავარი გზავნილი შეიცავს სურვილს, კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით.

28 ნოემბერს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დევნილებთან შეხვედრისას ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში არის ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ, აფხაზებს ბოდიში მოუხადონ და ამით გრანტი მოიპოვონ.

,,რისთვის უნდა ვიხადოთ ბოდიში, რომ თავები დაგვაჭრეს და გამოგვყარეს? რომ ქართული ძეგლები დაანგრიეს, რომ უღელტეხილზე ბავშვები გაგვიყინეს და თვითმფრინავები ჩამოგვიყარეს? ამ ყველაფრისთვის კიდევ ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში? ვინ არიან ეს ადამიანები, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციიდან? რა გრანტი მიიღეს, რომ ასეთ სისულეებს წერენ?”- განაცხადა პრეზიდენტმა.

იმის გამო, რომ ამგვარი კამპანია საქართველოში მხოლოდ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ ტარდება, ვფიქრობთ, რომ ეს განცხადება მიმართული იყო სწორედ ჩვენი და ამ კონკრეტული კამპანიის მიმართ. 
 
აუცილებელია განვმარტოთ: ბოდიშის კამპანია არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ქართულმა საზოგადოებამ ბოდიში კრიმინალების წინაშე უნდა მოიხადოს. ეს ბოდიში არის შერიგებისათვის გადადგმული პირველი ნაბიჯი,  ბოდიში იმისათვის, რომ ვერ შევაჩერეთ ომი, რომ ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია იმ ყველაფრისთვის, რაც მოხდა და ამაზე ყველა ვართ პასუხისმგებელი. 

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ აღნიშნული კამპანიის წამოწყება საჭიროდ მიიჩნია იმის გამო,  რომ ამ კონფლიქტს როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები უდგებიან გაუმართლებელი კატეგორიულობით ანუ ქართული მხარე მომხდარში მხოლოდ აფხაზებს ადანაშაულებს, ხოლო აფზახური - მხოლოდ ქართველებს.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ორივე მხარის მიერ და კონფლიქტი ვერ მოგვარდება თუ ეს ორივე მხარემ არ აღიარა. აუცილებელია პირდაპირი დიალოგის დაწყება და მილიტარისტული ისტერიის, იარაღის ჟღარუნის შეწყვეტა - ეს ჩვენი ორგანიზაციის პოზიციაა.

ამასთან საჭიროა ითქვას, რომ კამპანია ყოველგვარი გრანტის და დაფინანსების გარეშე მიმდინარეობს. ამ მიზეზის გამო ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შემოიფარგლება  მხოლოდ იმ ღონისძიებებით, რასაც არ სჭირდება სერიოზული ფინანსური რესურსები.

იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც ახლა საქართველოშია, სახელმწიფოს პირველი პირის განცხადება (მიუხედავად იმისა, რომ ის ამჟამად გადამდგარია)  შეიძლება შეფასდეს როგორც ირიბი მუქარა, ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელიც წლების განმავლობაში თვალს ადევნებს და აშუქებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს საქართველოში და რეგულარულად მოითხოვს ამ ფაქტებზე რეაგირებას. 

გარდა ამისა, ეს არის მცდელობა კამპანიის შინაარსის არასწორი ინტერპრეტაციით ხელი შეეშალოს ყოველგვარ აქტივობას, რომელიც კონფლიქტის  არაძალისმიერი საშუალებებით მოგვარებას ისახავს მიზნად.  მშვიდობიანი ღონისძიებების კრიტიკა  ქმნის  შთაბეჭდილებას, რომ ხელიუფლება  კონფლიქტის მოგვარების საშუალებად მილიტარისტურ გზას ირჩევს, მიუხედავად იმისა, რომ  საქართველოს არა მხოლოდ ტერიტორია აქვს დასაბრუნებელი, არამედ აფხაზი ხალხიც უნდა შემოვირიგოთ.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“  მიიჩნევს, რომ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების ნებისმიერი ძალისმიერი მცდელობა ან მოწოდება საომარი მოქმედებების განახლებისკენ არის  გაუმართლებელი, რაც ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.


ახალი ამბები