კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქობულეთელები „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ წინააღმდეგ

22 იანვარი, 2008

ქობულეთის რაიონის ასამდე მკვიდრი "ენერგო-პრო ჯორჯიას" წინააღმდეგ გაერთიანდნენ და მოთხოვნები წაუყენეს. მოსახლეობა აცხადებდა, რომ კომპანიიდან მისული შუქის გადასახადის ქვითრებში დაფიქსირებული თანხა საკმაოდ დიდია იმასთან შედარებით, რასაც თვითონ იყენებენ. მათ „ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებს 48 საათიანი დრო მისცეს სიტუაციის გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეეები გზის გადაკეტვით იმუქრებიან. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ერთი თვის მანძილზე სამასი და ოთხასი ლარის ღირებულების ელექტროენერგიას ფიზიკურად ვერ დახარჯავდნენ, რადგან ისინი საწვავად ბუნებრივ აირს და, რიგ შემთხვევაში, შეშის ღუმელს იყენებენ.

მოსახლეობა გადასახადის ასეთ მაღალ ოდენობას შემდეგი მიზეზითაც ხსნიდნენ: „უბნის საერთო მრიცხველზე მაღაზიები და საწარმოებია მიერთებული, რომელთა გახარჯული თანხაც ოჯახებზე გადანაწილდა“.

ქობულეთელ გელოდი დედოფალიძეს გასული თვის შუქის გადასახადის ქვითარი გუშინ მიუტანა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელმა. ქვითარში დაფიქსირებული  თანხის ოდენობა 345 ლარს შეადგენს. „ქვითარი მომიტანეს და 345 ლარია დაფიქსირებული. ადრე 12 ლარს ვიხდიდი თვეში. ამ რიცხვებში პატარა სხვაობა ხომ არაა? არც ტელევიზორი მაქვს და არც მაცივარი, საიდან დავხარჯე ამდენი თანხა?“ - კითხულობდა სოფელ კვირიკიდან აქციაზე მისული გელოდი დედოფალიძე.

„არჩევნებამდე უფროსს ვუთხარი სინათლის ფული მაქვს გადასახდელი და აიღეთ მეთქი (ჯართი ჩავაბარე, თანხა მივიტანე და არ გამომართვეს). მაშინ მითხრეს, სინათლე მთავრობისგან ნაჩუქარიაო, ახლა კი ძალიან მაღალია გადასახადი“, _ ამბობდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, შოთა ბერიძე.

საპროტესტო აქციას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათ შორის, ქობულეთში კონსერვატორების თავმჯდომარე ასლან ბაუჟაძეც, რომელმაც მოსახლეობას აცნობა, რომ ის პირადად შეხვდა შპს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქობულეთის ფილიალის ხელმძღვანელობას: „ფილიალის უფროსმა თქვა, რომ  ქვითრები შეცდომითაა დაბეჭდილი. ჩვენ 48 საათს ვაძლევთ მას პრობლემის მოსაგვარებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება“.

შპს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალში აცხადებენ, რომ მოსახლეობის მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, აბონენტებს შუქის მიწოდება შეუწყდებათ.
„მრიცხველმა აღრიცხა ის, რაც მოსახლეობამ დახარჯა. არავითარ ტექნიკურ ჩარევა არ ყოფილა.. კომუნალურ მრიცხველში დაახლოებით 30 აბონენტია ჩართული, მაგრამ მათ აქვთ ძველი ინდივიდუალური მრიცხველები, რომლითაც შეუძლიათ თავიანთი ხარჯვა გააკონტროლონ“, - აღნიშნა შპს „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი სურმავამ. მისი თქმით, თუკი ქობულეთში ქვითრების დაბეჭვისას რაიმე შეცდომა იქნა დაშვებული „თანამშრომლები კანონის წინაშე აგებენ პასუხს“. 

აქცია ერთ საათში დაიშალა, თუმცა 48 საათის შემდეგ ისინი შეკრებას და გაპროტესტების სხვა სახეს -  გზის გადაკეტვას აპირებენ. მანამდე კი მათ მოთხოვნებს შეიძლება ელექტროენერგიის ჩართვის მოთხოვნაც დაემატოს, რადგან „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ  არგადამხდელები ქსელიდან გაითიშებიან.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი.

ახალი ამბები