კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: 2007 წელს 65 ჟურნალისტი მოკლეს

5 თებერვალი, 2008
65 ჟურნალისტი დაიღუპა 2007 წელს. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ამათგან უმრავლესობა ერაყში მოკლეს.

ასეთი სტატისტიკა მოჰყავს  ჟურნალისტთა დაცვის  კომიტეტს (CPJ),  4 თებერვალს, გამოქვეყნებულ  მოხსენებაში „თავდასხმები პრესაზე 2007 წელს“.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი დეტალურად იძიებს კიდევ 23 ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტს, რათა დაადგინოს, უკავშირდება თუ არა მათი გარდაცვალება პროფესიული მოვალეობის შესრულებას.

ჟურნალისტთა დაცვის  კომიტეტის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 66 ჟურნალისტი,  13 წლის წინ,  1994 წელს დაიღუპა, მათ შორის უმრავლესობა  ალჟირში, ბოსნიასა და რუანდაში მომხდარ შეტაკებებისას მოკლეს.

ორგანიზაცია ერაყის ომს  უახლოესი ისტორიის   ყველაზე სასიკვდილო კონფლიქტად მიიჩნევს   ჟურნალისტებისთვის. 2003 წლის მარტიდან, როდესაც ერაყში აშშ-ს და მოკავშირეთა ჯარები შევიდნენ, ამ ქვეყანაში 125 ჟურნალისტი და მათი 49 დამხმარე თანამრომელი (თარჯიმანი, მძღოლი და დაცვის წევრი)  მოკლეს.

2007 წელს, ერაყში 32 ჟურნალისტი და 12 დამხმარე თანამშრომელი  დაიღუპა, სომალიში -  7 ჟურნალისტი, 5-5 ჟურნალისტი  პაკისტანსა და შრი-ლანკაში, 2-2 ავღანეთსა და ერითრიაში.
2007 წელს, 12 სახელმწიფოში - რუსეთი, მიანმა (ბირმა), პალესტინის ავტონომია, ჰაიტი, ჰონდურასი, ყაზახეთი, პარაგვაია, ნეპალი, პერუ, თურქეთი და ზიმბაბვე,  თითო  ჟურნალისტი მოკლეს.

ჟურნალისტთა დაცვის  კომიტეტის მონაცემებით, 1 დეკემბრისთვის გისოსებს მიღმა 127 ჟურნალისტი იმყოფება, რაც 7-ით ნაკლებია 2006 წელთან შედარებით.

დაპატიმრებული ჟურნალისტების დაახლოებით 17% ბრალის გარეშე ზის   ციხეში, ხოლო     57% გაასამართლეს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის, დივერსიების, სახელმწიფო საიდუმლოს გათქმისა და ეროვნული ინტერესების ღალატის ბრალდებებით. 

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ანგარიშში მედიის თავისუფლების საკითხი ცალკეული ქვეყნების მიხედვით არის განხილული.

საქართველოსთან დაკავშირებით, ყურადღების ცენტრში, როგორც მოსალოდნელი იყო, შარშანდელი ნოემბრის მოვლენები დგას, ორგანიზაციის მიხედვით, მართალია მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბერს შემოღებული საგანგებო ვითარება 9 დღეში გააუქმა, მაგრამ იმ მომენტისთვის უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა თავის, როგორც პროდასავლურად განწყობილი რეფორმატორის რეპუტაციას.

ჟურნალისტთა დაცვის წლიურ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტელეკომპანია "იმედის" დახურვას. ამ ანალიზში საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებული მოვლენები და ამის შემდეგ ავტორები ასეთ დასკვნას აკეთებენ: ეს სერიოზული შემოტრიალება იყო ამერიკაში განათლებამიღებული სააკაშვილისთვის, რომელიც ხელისუფლების სათავეში 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი ამბოხების შედეგად მოვიდა.

„იმედის“ გარდა ანგარიშში დიდი ყურადღება ეთმობა ტელეკომპანია „რუსთავი -2“-ს. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ გარემოებას, რომ ტელეკომპანიამ ეტაპობრივად დაკარგა დამოუკიდებლობა  და მთავრობის ინტერესების დამცველ მედია-ორგანიზაციად იქცა.

საქართველოს შესახებ უფრო დეტალურია ანგარიში (არაოფიციალური თარგმანი ქართულ ენაზე) იხილეთ აქ, საქართველოს შესახებ ანგარიშის ინგლისურენოვანი ვერსია იხილეთ აქ.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებამ რუსეთი ეროვნული უშიშროების სახელმწიფოდ აქცია, სადაც ახალი ამბების გაშუქება „ექსტრემიზმს“ უტოლდება. ახალი კანონებით, მედიაში ოფიციალური პირების კრიტიკა  სისხლის სამართლის დასჯად ქმედებად ითვლება. ჟურნალისტიკის კრიმინალიზაციის მიზნით, კანონების გადაწერის კრემლისეულ  ტაქტიკას  უზბეკეთმა  და ტაჯიკეთმა მიმართეს.

ავტორთა განცხადებით, ჩინეთი  კვლავ პირველ ადგილზეა პატიმარი  ჟურნალისტების რაოდენობის მიხედვით, ამ ქვეყანაში   29 ჩინელი მწერალი და ჟურნალისტი გისოსებს მიღმაა. 
ანგარიშის  შესავალი სიტყვა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ჯოელ საიმონს ეკუთვნის. ის საუბრობს რამდენიმე  საფრთხეზე, რომელსაც აწყდებიან ჟურნალისტები, მათ შორისაა,   რუსეთის რეპრესიული რეჟიმი და  ერაყის ხელისუფლების უკიდურესი გულგრილობა ჟურნალისტების სიცოცხლის უსაფრთხოების მიმართ.

ანგარიშის წინასიტყვაობა დაწერა, ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ტელეკომპანია CNN-ის საერთაშორისო ამბების მიმომხილველმა  კრისტიან ამანპურმა. ის მოუწოდებს ყველას იბრძოლონ დაუსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც სარგებლობენ  ჟურნალისტთა მკვლელები. 

ხსენებული ანგარიშის ეგზემპლიარის შეძენა შესაძლებელია    Brookings Institution Press-ის გამომცემლობაში ან იხილოთ ინტერნეტში, ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო  კომიტეტის ვებგვერდზე: www.cpj.org/
    
ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც   1981 წელს დაარსდა. ორგანიზაცია  საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფმა  ამერიკელი კორესპონდენტებმა  შექმნეს, ავტორიტარული მთავრობებისა და სხვადასხვა სტრუქტერების მხრიდან  უცხოელი ჟურნალისტების  შევიწროების საპასუხოდ. სათაო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. ორგანიზაციას აფინასებენ კერძო პირები, ფონდები და კორპორაციები.

წყარო: Media.ge


ახალი ამბები