ბათუმის #3 საპყრობილეში, პატიმარი გიორგი ცხოიძე 1 მარტიდან შიმშილობს. მან შიმშილობა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის პროტესტის ნიშნად დაიწყო. ცხოიძე, ხელვაჩაურის რაიონის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაში - გაუპატიურება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. 29 თებერვალს, მოსამართლე თემურ კაკაბაძემ სახელმწიფო ბრალმდებლის გელა მახარაძის მოთხოვნა მთლიანად დააკმაყოფილა და განსასჯელს ათწლიანი პატიმრობა და ექვსი ათასი ლარი ჯარიმა დააკისრა.
პატიმრის ადვოკატი მერაბ ვარშანიძე თვლის, რომ სასამართლოს განაჩენი უკანონოა:
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა ბრალდების კვალიფიკაციასთან დაკავშირებითაც არ დააკმაყოფილა. „სამართლებრივად თვითონ გაუპატიურება ძალადობრივია და მას დამატებითი კვალიფიკაცია - თავისუფლების უკანონო აღკვეთა აღარ სჭირდებოდა“.
მსჯავრდებულმა გიორგი ცხოიძემ შიმშილობის დაწყების შესახებ წერილით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს ვასილ როინიშვილს და სახალხო დამცველის წარმომადგენელს ბათუმში უკვე აცნობა.
მაკა მალაყმაძე, ბათუმი