კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართულმა სასამართლომ აფხაზი მაღალჩინოსნები გაასამართლა

12 მარტი, 2008

სოხუმის საქალაქო სასამართლოში აფხაზეთის დე-ფაქტო არალეგიტიმური ხელისუფლების თანამდებობის პირები უმწეო მდგომარეობაში მყოფი ქართველის - ლევან მამასახლისის მიმართ ეროვნული შეუწყნარელობლობის მოტივით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და წამებისათვის (დაუსწრებლად) გაასამართლა.

აფხაზეთიდან დევნილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ლევან მამასახლისი 2001 წლის 7 აგვისტოს ბიჭვინთაში დედასთან ჩავიდა. იქ ყოფნისას მას სააბაზანოში სათევზაოდ გამიზნული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა. ლევან მამასახლისმა მიიღო მრავლობითი დაზიანება და მას გაგრის საავადმყოფოში გაუკეთდა მარჯვენა წინამხრის შუა მესამედის დონეზე და მარცხენა მტევნის 2-4 თითების ამპუტაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2001 წლის 10 აგვისტოს ამ ფაქტან დაკავშირებით აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების უშიშროების სამსახურის თანამდებობის პირები აფრიკან მგანბა და ვახტანგ უბირია შეთანხმდნენ, ესარგებლათ შემთხვევით და ლევან მამასახლისი წარმოედგინათ როგორც ტერორისტი და უკანონოდ აღეკვეთათ მისთვის თავისუფლება.  ისინი იმავე დღეს მივიდნენ გაგრის საავადმყოფოში და შეუდგნენ თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანას - სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, ცემითა და შეურაცხყოფით აიძულებდნენ ლევან მამასახლისს ეღიარებინა, რომ იგი თითქოს მსახურობდა საქართველოს უშიშროების სამსახურში და ჩადენილი ჰქონდა სახელმწიფოს ღალატი, ტერორისტული აქტი, საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვა-გადაზიდვა და საზღვრის უკანონოდ გადალახვა, რომ თითქოს აპირებდა აფხაზეთის ტერიტორიაზე დასასვენებელი პანსიონატების აფეთქებას და თუ არ აღიარებდა მათთვის სასურველ ფაქტებს, ციხეში გამოკეტვითა და იქ "ცოცხლად ჩალპობით" ემუქრებოდნენ. როცა მათ საწადალს ვერ მიაღწიეს, ის გადაიყვანეს სოხუმის უშიშროების სამსახურის იზოლატორში, სადაც აიძულებდნენ მისგან სასურველი ჩვენების მიღებას. მასთან არ უშვებდნენ ექიმებს.

2002 წლის 15 თებერვალს აფხაზეთის არალეგიტიმური დე-ფაქტო ხელისუფლების სასამართლომ რ. მუშბას თავმჯდომარეობით, პროკურორ ნაჩაჩ ოღლის მოთხოვნით, ლევან მამასახლისს, სასჯელთა ერთობლიობით განუსაზღვრეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და იგი უკანონოდ მოათავსეს დე-ფაქტო ხელისუფლების საპყრობილეში.

ლევან მამასახლისი სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა, სადაც არ იყო განათება და სარკმელს აფარებული ჰქონდა რკინის ფირფიტა. საკანში იყვნენ მღრღნელები, მორიელები და ტარაკნები. საკვები და სასმელი წყალი მიეწოდებოდა უკიდურესი შეზღუდვით, არ გააჩნდა ელემენტარული ჰიგიენური პირობები, იყო დღეები, როცა არც საჭმელს და არც წყალს არ აძლევდნენ.

ლევან მამასახლისმა უშიშროების იზოლატორში გაატარა 7 თვე და პატიმრობის პირველი სამი თვე ფაქტობრივად იყო დაბრმავებული. ის იყო სისტემატური დაკითხვის, მუქარისა და წამების პირობებში. ყველაფერი ეს მიმდინარეობდა მის მიმართ როგორც ქართველის - ეროვნული ღირსების შეურაცხყოფის ფონზე, იმის ხშირი შეხსენებით, რომ ქართველებს აფხაზეთში არ ეცხოვრებათ.

მგანბა და უბირია მას სიკვდილითაც ემუქრებოდნენ. რამდენჯერმე გაყვანილ იქნა კიდეც დასახვრეტად, მაგრამ შემდეგ უთხრეს - რომ გადაიფიქრეს.

გათავისუფლების შემდეგ ლევან მამასახლისს თბილისში წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის" სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ამ დასკვნის შემაჯამებელ ნაწილში მითითებულია, რომ "არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯის დროული და ადეკვატური მომსახურების მიუწვდომლობის პირობებში ლევან მამასახლისი, როგორც წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი, იმყოფებოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ მდგომარეობაში და პრაქტიკულად, იყო უმწეო, არ შეეძლო საკუთარი თავის მოვლა, თუმცა ის საავადმყოფოში არ გადაიყვანეს და კვლავ ციხის აუტანელ პირობებში იმყოფებოდა".

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ლევან მამასახლისს აღენიშნება ტრამვის შემდგომი  სტრესული აშლილობა, რაც წარმოადგენს ტიპიურ რეაქციას განცდილ წამებაზე და არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯის ფაქტებზე. მედიკოსების დასკვნით, მას უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი.

სოხუმის რაიონულმა და საქალაქო სასამართლომ, სახელმწიფო ბრალმდებელ ფელიქს ჯალაღონიას მონაწილეობით, განიხილა აფრიკან მგანბას, ვახტანგ უბირიას და ვლადიმერ ნაჩაჩ ოღლის მიმართ დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და "ზ" პუნქტებით  (წამება) (1999 წლის 22 ივლისის რედაქციით), აგრეთვე, სსსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "თ" პუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა). შესაბამისად, აფრიკან მგანბას და ვახტანგ უბირიას მიესაჯათ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ვლადიმერ ნაჩაჩ ოღლის - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ეს სასამართლო პროცესი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების სამართლებრივი შეფასების პირველი პრეცედენტია. ამ საქმეს სერიოზული პერსპექტივა გააჩნია ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოში წარმოების თვალსაზრისით.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები