კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის განცხადება

4 ივნისი, 2008

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შეიქმნა უმძიმესი ვითარება, რომელიც აუცილებლად მოითხოვს შეფასებას. ბოლო დღეების განმავლობაში ნაცემია 12 ადამიანი, მათ შორის, ერთი ქალბატონი. გუშინ თავად მოვინახულე რამდენიმე ნაცემი ადამიანი და დავრწმუნდი, რომ ისინი, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ იყვნენ გამეტებულნი.

ის ადამიანები, რომლებიც სასტიკად სცემეს ნიღბიანებმა, არჩევნების პერიოდში ხელისუფლების ოპონენტები იყვნენ. შესაბამისად, სიმართლეზე თვალის დახუჭვა იქნება, მათ მიმართ განხორციელებული ანგარიშსწორება რიგით კრიმინალს მივაწეროთ.

მთავარი მიზანი, რასაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული ცემა ემსახურება, არის არა იმდენად მათი დასჯა, რამდენადაც საქართველოს მოსახლეობის დაშინება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ადრეც მითქვამს - ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების უხეშმა დარღვევამ მიიღო სისტემური ხასიათი და ხელისუფლების ცხოვრების წესად იქცა.

ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით. გასული წლის ნოემბერში ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა და რამდენიმე ტელეკომპანიისა და რადიოს დახურვა; რადიო „ჰერეთზე“ განხორციელებული მუქარები და ზეწოლა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან; სტუდია „მაესტროსთვის“ საინფორმაციო საქმიანობის აკრძალვა; ბატონი ირაკლი ტრიპოლსკის გადადგომა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან – ეს ის მოვლენებია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას, რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია გავრცელდეს ჩვენს ირგვლივ მომხდარი ფაქტების შესახებ და რაც შეიძლება არაადეკვატურად გაშუქდეს პროცესები.

თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლის გამოვლინებაა ქალბატონი ნონა ყანდიაშვილის გათავისუფლება რადიო „იმედის“ მაუწყებლობის დირექტორის თანამდებობიდან. რადიო „იმედი“ ავრცელებდა ახალ ამბებს, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღება ტელეეთერიდან შეუძლებელი იყო. ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, საქართველოში ფაქტობრივად აღარ დარჩა თავისუფალი ელექტრონული მედია.

ადამიანების ცემა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა – პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. იქ, სადაც არ არის სიტყვის თავისუფლება, მოქალაქე მარტო და უსუსურია სახელმწიფო მანქანის წინაშე. ამ პირობებში, ადამიანის ცემას ერთადერთი მიზანი აქვს - დააშინოს საზოგადოება და განაწყოს ხელისუფლების უსიტყვო მორჩილებისთვის.

ადამიანის უფლებების დაცვა და თავისუფლება ერთმანეთისგან განუყოფელია. ეს არის ორი ღირებულება, რომელთა უმწვავეს დეფიციტს განიცდის ჩვენი საზოგადოება. 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებმა და შემდგომმა დღეებმა ეს დეფიციტი კიდევ მეტად წარმოაჩინა. ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობად მიმაჩნია, ამ უმძიმეს პერიოდში საზოგადოების მხარდაჭერით და საზოგადოებასთან ერთად ვიბრძოლო ადამიანის უფლებების დასაცავად და თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისთვის.


ახალი ამბები