შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლეიბორისტული პარტიის გენერალური საბჭოს 4 წევრი მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა.
როგორც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ე. წ. მოდულის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებას ლეიბორისტული პარტიის მიმართ ფართომასშტაბიანი პროვოკაცია აქვს დაგეგმილი.
ნათელაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, როდესაც ამ ხელისუფლებას ქართველი ერი თავიდან მოიცილებს, რეპრესირებულთა მუზეუმი უნდა გაიხსნას.
ლეიბორისტული პარტიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ "მოდულის" შენობაში პოლიტიკური პოლიცია განათავსა, სადაც ხდება პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დატერორება, დაპატიმრება და დევნა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებასთან არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს და მიაჩნია, რომ მოლაპარაკების პუნქტი შეიძლება იყოს ერთადერთი: პარლამენტის დათხოვნა და ახალი არჩევნების თარიღის გამოცხადება.
ლეიბორისტული პარტია თავის პოზიციაზე მყარად დგას და აცხადებს, რომ პარლამენტში არავითარ შემთხვევაში არ შევა და ყველა პარტიას მოუწოდებს, რომ ისინიც ასევე მოიქცნენ.
შალვა ნათელაშვილი ვანო მერაბიშვილს მიმართავს, რომ თუ უნდა ვინმე დაკითხოს, თავად ნათელაშვილი უნდა დაიბაროს დასაკითხად და მისი პარტიის წევრებს თავი დაანებოს, რადგანაც ''მერაბიშვილი ლეიბორისტული პარტიის წევრებს ვერც მოისყიდის და ვერ გადაიბირებს".
წყარო: მედიანიუსი.