კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ჟურნალისტებთან სასამართლო პროცესი წააგო

12 ივნისი, 2008

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, 10 ივნისს, არ დააკმაყოფილა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის ზაზა გოროზიას სარჩელი ზუგდიდელი ჟურნალისტის ილია ჩაჩიბაიასა და  „თავისუფალი გაზეთის“ წინააღმდეგ.
„თავისუფალი გაზეთის“  2008 წლის 7-13 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ  ილია ჩაჩიბაიასთან, სადაც ჟურნალისტი ამბობს, რომ, მას  კრიტიკული სტატიებისთვის  ადგილობრივი ხელისუფლება  დევნის, ზაზა გოროზიამ კი 2007 წელს 10 ათასი ლარი შესთავაზა, „დუმილის სანაცვლოდ“.  
გოროზიამ სასამართლოს საჩივრით 24 მარტს მიმართა. მან  „პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის“ 19 წლის ილია ჩაჩიბაიასგან, კომპენსაციის სახით, 10 ათას ლარს ითხოვდა, ხოლო „თავისუფალი გაზეთისგან“ ინტერვიუში მოყვანილი ინფორმაციის უარყოფას.
პროცესზე ილია ჩაჩიბაიასა და თავისუფალი გაზეთის ინტერესებს იცავდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატები მანანა კობახიძე და მერი ჯაფარიძე. პროცესს დაესწრო „თავისუფალი გაზეთის“ ჟურნალისტი, ირმა მესხია, რომელმაც ზემოხსენებული ინტერვიუ ჩამოართვა ილია ჩაჩიბაიას.
„თავისუფალი გაზეთის“ რედაქტორის თამარ ლეფსვერიძის ცნობით, პროცესზე გოროზიას ადვოკატმა 10 წუთით დააგვიანა და მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ მას მხოლოდ 9  ივნისს მიუტანეს სასამართლო   უწყება. დაგვიანების გამო მოსამართლე ამრიდო გელანტიამ მოსარჩელის ადვოკატი პროცესზე არ დაუშვა. გელანტიამ განაცხადა, რომ უწყება    რამდენიმე დღის წინ ჩაბარდა გოროზიას. 
„სიტყვისა და ამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მიხედვით, ჟურნალისტის ან მედიასაშუალების  წინააღმდეგ მტკიცების ტვირთი მოდის არა მოპასუხეზე,   არამედ, მომჩივანზე.
„ზუგდიდის სინამდვილეში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი -   გაზეთმა პრეზიდენტის რწმუნებულს  პროცესი მოუგო,“ განაცხადა ლეფსვერიძემ.
ილია ჩაჩიბაია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთში ჟურნალ „ღია ბოქლომს“ გამოსცემს, აცხადებს, რომ მას და ჟურნალის თანამშრომლებს „ძალიან დიდი ტერორის ქვეშ უწევთ  მუშაობა“.

წყარო: მედია.გე

ახალი ამბები