კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მოციმციმე“ მრიცხველები - ახალი თავსატეხი

17 ივნისი, 2008

,,ენერგო -პრო ჯორჯიას” მიერ ინდივიდუალურმა გამრიცხველიანებამ, რომელსაც მოსახლეობა სულმოუთქმელად ელოდა, მითქმა – მოთქმა და უკმაყოფილება გამოიწვია. ,,უმრიცხველო მომხმარებელი”, როგორც აქამდე ელექტროენერგიის მომხმარებლებს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ახალციხის მომსახურების ცენტრის მენეჯერი ზურაბ მამუკაშვილი ეძახდა, ქალაქს დაახლოებით ერთ თვეში აღარ ეყოლება. 

,,ენერგო-პრო ჯორჯიას” პროგრამა, რომელიც დიდი ქალაქების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ითვალისწინებს, ახალციხეში მალე დასრულდება.
,,პირველი მაისიდან დღემდე 800-მდე აბონენტი გავამრიცხველიანეთ. დავიწყეთ ქალაქის გარე უბნებიდან: ვარძიისა და ასპინძის ქუჩები, საბარგო სადგურისა და რაბათის დასახლება დამთავრებულია. ცხრა აპრილის ქუჩაზეც პატარა მონაკვეთებია დარჩენილი. შემდეგ ქალაქის ცენტრის გამრიცხველიანებაზე გადავალთ”, - აცხადებს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ახალციხის მომსახურების ცენტრის მენეჯერი ზურაბ მამუკაშვილი.
ახალციხის გამრიცხველიანებისათვის „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ორი მილიონი ლარი გამოყო.
,,მრიცხველებს გვერდზე მოციმციმე წერტილი აქვს და გინდ ერთი ნათურა ჰქონდეს ანთებული, ისე სწრაფად ციმციმებს, გაგიკვირდება. გავივლი, შევხედავ წერია -  სამი, გამოვივლი უკვე 4-ზეა ასული. თვის ბოლოს, ალბათ, იმხელა გადასახადი მოვა! ვის უნდა მოკითხო მერე სამართალი? პასუხი უკვე ვიცი რაც იქნება: მრიცხველები გამოვცვალეთ, ათვლა ნულიდან დავიწყეთ და კიდევ რა პრეტენზიები გაქვთო”, - დასკვნებს აკეთებს ახალციხის მკვიდრი ნაზი ხითარიშვილი.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ახალი მრიცხველები ფულის ახალი მახე გახდება და დახარჯული ელექტროენერგიის ზედმეტი საფასურის გადახდა კვლავ მოუწევთ.
,,დაგვიყენეს ახალი მრიცხველები თანხის გადახდის გარეშე. ამბობენ ისე ტრიალებს, რომ უზარმაზარი გადასახადი მოვაო”, - გვითხრა ელიკო ჭანტურიძემ.
მოსახლეობის შიშს ზურაბ მამუკაშვილი უსაფუძვლოს უწოდებს: „ვისაც ასე ჰგონია, ეგ მისი პრობლემაა. დაყენდა ევროპული სტანდარტების მრიცხველები და ვინც დარჩა კომუნისტურ აზროვნებაში, ეგრე იფიქროს, სამწუხაროდ არსებობს ასეთი კატეგორიაც”.

,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ახალციხის მომსახურების ცენტრის მენეჯერი  უკმაყოფილო აბონენტების სავარაუდო ვინაობასაც ასახელებს: „ვისი მრიცხველიც ნორმალურად არ მუშაობდა და ამით სარგებლობდა, ამ ჭორის ამგორებელიც ისაა”. 
 მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ახალი მრიცხველების დაყენების შემდეგ, არსებული დავალიანების დაფარვაც მოხდება, რასაც მამუკაშვილი არ ადასტურებს: ,,ახალი მრიცხველების დაყენების შემდეგ თანხის ჩამოწერაზე საუბარი არც ყოფილა და არც იქნება”.

გულო კოხოძე, ახალციხე

 

ახალი ამბები