კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააპელაციო სასამართლოში გამომძიებელი ჟურნალისტის სარჩელს განიხილავენ

18 ივნისი, 2008

სააპელაციო სასამართლო  19 ივნისს გააგრძელებს   ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილის აპელაციის განხილვას. პროცესი 12 ივნისს დაიწყო.   ჟურნალისტი ბორჯომის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
ბორჯომის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ზურიაშვილის სარჩელი ხაშურის სასამართლოს თანამშრომლის წინააღმდეგ, რომელმაც ჟურნალისტს ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის გაცნობის საშუალება არ მისცა.
 „ჟურნალისტური გამოძიების დროს ხაშურის სასამართლოს მივმართე და მოვითხოვე ქრთამის აღების ბრალდებით გასამართლებული  თეიმურაზ ედილაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გაცნობა, მოვითხოვე ასევე ამ საქმეში არსებული იმ  დოკუმენტების ასლების გადაღების უფლება, რომელიც ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდებოდა. გარდა ამისა, საგამოძიებო ფილმისთვის  მინდოდა კადრების გადაღება. მაგრამ სასამართლომ ამ ყველაფერზე უარი მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გამოთხოვის დროს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ჩემი უფლებები მივუთითე.
მაგრამ ხაშურის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეში არსებული დოკუმენტების დაკონკრეტება მომთხოვეს. მე ამას ვერ გავაკეთებდი და არც გავაკეთებდი, რადგან, ჯერ ერთი,  მე არ ვიცოდი ამ საქმეში რა მასალები ინახებოდა,  თანაც მსურდა სრული წარმოდგენა მქონოდა იმ საქმის შესახებ, რომელსაც მე ვიძიებდი“, ამბობს ნინო ზურიაშვილი:
მისი  თქმით, ხაშურის სასამართლოდან მიღებული უარი მან  ამავე სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ხაშურის სასამართლომ ეს საქმე აიცილა და განსახილველად ბორჯომის სასამართლოს გადაუგზავნა.
 ‘’ბორჯომის სასამართლოში საქმე წავაგე, განმიცხადეს, შენს სარჩელს ვერ დავაკმაყოფილებთო. თუმცა მოსამართლემ  იქვე მითხრა, მაინტერესებს  სააპელაციო სასამართლოში რას მიაღწევო. ახლა პროცესი სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს,  თავდაპირველად მეგონა,   პროცესი უცებ დასრულდებოდა და საქმეს წავაგებდი...მაგრამ  მცირე  იმედი გამიჩნდა, როცა მოსამართლემ საქმის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, მე მას დამატებითი მტკიცებულებები წარვვუდგინე. მოვიყვანე მაგალითები სასამართლო პრაქტიკიდან, როცა დამთავრებულ სისხლის სამართლის საქმეებს პერსონალური მონაცემების გარეშე აცნობენ“, ამბობს ზურიაშვილი.
ჟურნალისტის  განცხადებით,  მიუხედავად იმისა, რომ მას სისხლის სამართლის საქმის  გაცნობის საშუალება არ მისცეს, მან ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება და ფილმის გადაღება მაინც შეძლო.
 „თეიმურაზ ედილაშვილით იმიტომ დავინტერესდი, რომ  მისი საქმე ნათელი მაგალითია იმისა,  თუ  როგორ „კერავს“ საქმეებს შს სამინისტო,  როგორ ახდენს ის  მტკიცებულებების გაყალბებას. ჟურნალისტური გამოძიებით შევეცადე მემხილებინა ცრუ დაზარალებული,  რომელიც  9 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. ეს ადამიანი  თავად ამბობს, გენერალური ინსპექციისგან ფული ავიღე, რათა როგორც დაზარალებულს,   ედილაშვილი ქრთამის აღებაში   დამედანაშაულებინაო“, აცხადებს ნინო ზურიაშვილი.
მისი  შეფასებით, ეს კონკრეტული შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ხელისუფლების ინტერესებში  არ შედის მართლმსაჯულების საქმიანობის გამჭვირვალობა.  
„საზოგადოებას მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ ინფორმაციებს უმალავენ,  არ უნდათ, რომ  სასამართლოს ნამდვილი სახე გამოაჩინონ. სასამართლო სისტემა საქართველოს 9 ინსტიტუციას შორის მე-9 ადგილზეა ნდობის მიხედვით. ხელისუფლება ცდილობს თვალს მოაშოროს ის, თუ რა ხდება ძალოვან სტრუქტურებში და სასამართლოში. მეც ამ კამპანიის ფარგლებში მომაქციეს, როცა ინფორმაცია არ მომცეს“, აცხადებს ჟურნალისტი.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები