ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გარემოვაჭრეებს ვაჭრობა აუკრძალა. პოლიციის დახმარებით ქუჩაში მოვაჭრეებს ტერიტორია იძულების წესით დაატოვებინეს.
“ეს ჩვენი ერთადერთი საარსებო წყაროა. პროდუქციის რეალიზაციას თუ ვერ მოვახერხებთ და ოჯახის რჩენას ვერ შევძლებთ, იძულებული გავხდებით საპროტესტო აქციები გავმართოთ” - აცხადებენ რადიო ჰერეთთან გარემოვაჭრეები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გოზალიშვილი, რომელიც გარემოვაჭრეებთან ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით პირადად მივიდა, რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ ქუჩაში ვაჭრობა მიუღებელია და ამით მოძრაობის წესებიც უხეშად ირღვევა. გოზალიშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამისი ფართის გამოყოფაზე იზრუნებს.
როგორც რადიო "ჰერეთს" გარემოვაჭრეებმა განუცხადეს, პრობლემის დროულად მოუგვარებლობის შემთხვევაში მასობრივ საპროტესტო აქციებს გამართავენ.
წყარო: რადიო ჰერეთი