კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პირაკრულთა აქცია

11 ივლისი, 2008

ჟურნალისტები ისევ ქუჩაში გავიდნენ

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

„მოდით, ხუთი წუთით დადექით ჩვენთან, ჟურნალისტები ხომ ხართ, გამოხატეთ თქვენი პროტესტი“ – „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ასე მიმართავდა მარეგულირებელ კომისიასთან გამართულ აქციაზე მისულ ჟურნალისტებს. იქ მისული მედიის წარმომადგენლების ნაწილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებდა - ბანდით პირაკრული და ხელში წარწერით: „თავისუფლება სიტყვას“. ნაწილი კი კოლეგების საპროტესტი აქციას უბრალოდ აშუქებდა. მათთან დადგომა მხოლოდ რამდენიმემ გადაწყვიტა.

ეს უკვე მეორე პირაკრული აქციაა. ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ჟურნალისტები, არა მხოლოდ ცენტრალური, არამედ რეგიონული მედიიდანაც დღეს კიდევ ერთხელ მივიდნენ „მარეგულირებლის“ წინ საკუთარი უფლებების დასაცავად. ტელეკომპანია „კავკასია“ ზეწოლისგან გათავისუფლებას ითხოვს, „მაესტრო“ ლიცენზიის აღებას, ანალოგიური პრობლემები აქვთ რადიო „ჰერეთს“ და სხვა რეგიონულ მედია საშუალებებს.
ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, რომელიც ასევე მონაწილეობდა აქციაში, ამბობს, რომ მივა ყველგან და ყოველთვის, სადაც ჟურნალისტების უფლებები დაირღვევა:

„ვაპროტესტებ იმას, რომ „მაესტროს“, როგორც საკაბელო სიხშირეს არ ეძლევა ლიცენზია. როგორც გავიგეთ, საკაბელო სიხშირე არ არის შეზღუდული რესურსი და და მინდა, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ საკუთარი საქმის კეთების საშუალება. სახელმწიფო საშიშროებას ისინი არ წარმოადგენენ. ხელისუფლება უბრალოდ გაღიზიანდა იმ გადაცემებით, რომელიც გადიოდა „მაესტროზე“ და სადაც ინტელექტუალი ადამიანები სიმართლეს ამბობდნენ.  ახლა, როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს ყველა ტელევიზია გადააკეთოს გასართობ ტელევიზიად, ხოლო მამუკა ღლონტი, რომელიც დინების სააწინააღმდეგოდ მიცურავს და გასართობ ტელევიზიაში უნდა სერიოზული გადაცემების შემოტანა, მათთვის მიუღებელი პერსონაა.  მე მოვედი აქ და მივალ ორშაბათს სასამართლოზეც, სადაც გავაპროტესტებ გადაწყვეტილებას და ყველგან მივალ, სადაც ჟურნალისტების უფლებების დაცვაზე იქნება საუბარი“.

ელისო ჩაფიძე საუბრობს იმ მსგავსებებზე, რაც ახლანდელ და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდის მედიასა და ახლანდელ მედიას აკავშირებს.

„შემიძლია პარალელების გავლება შევარდნაძის მოღვაწეობის ძალიან ადრეულ ეტაპთან, როცა ერთხელ „რეზონანსი“ აკრძალეს ერთი კარიკატურის გამო, სადაც შევარდნაძე შიშველი იყო გამოსახული. ამავე პერიოდში იყო „რუსთავი 2-ის“ ამბები, მაშინაც სასამართლოში ვიბრძოლეთ და ტელევიზია დახურვას, გადაურჩა, ეთერში გავიდა. შემდეგ მედია მრავლფეროვნება ნამდვილად არსებობდა. ყველაფერი, ცხადია,  არ მომწონდა, მაგრამ ვირჩევდით. დღეს კი არჩევანიც აღარ რჩება. ასეთი  შეზღუდვა არ მახსოვს.

სამწუხაროდ,  ის, ვისაც გადაცემას უხურავენ, არ გამოდის და არ ამბობს ამის რეალურ მიზეზს. მე დღემდე მაინტერესებს რატომ დაურეკეს და რა უთხრეს ეკა ხოფერიას, როცა მან  ეთერი დატოვა შუა გადაცემის დროს. რა მოხდა 2004 წლის 4 თებერვალს, როცა ყველა თოქ შოუ დახურეს, რატომ იყო ასე ძნელად გამოსაძიებელი ირაკლი იმნაიშვილის ცემის ფაქტი, როცა ყველამ საკუთარი თვალით ვნახეთ როგორ გაუტეხა მას ცხვირი ხელისუფლების წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ... მე მგონია, რომ თუ საჭიროა, აქციაზეც უნდა მიხვიდე და ყველა გზით უნდა  გამოხატო საკუთარი აზრი“, - ამბობს ელისო ჩაფიძე.

ამავე აზრს იზიარებდა იქ მისული აქციის მონაწილე ყველა ჟურნალისტი.
ორშაბათს „მაესტროსთან“ დაკავშირებილი სასამართლო პროცესია. განსაკუთრებულს არაფერს ელიან. პროტესტი პირაკრული თუ სხვა სახით მომავალშიც გაგრძელდება.

ახალი ამბები