კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები რეგიონის გუბერნატორად შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილის გია ლორთქიფანიძის შესაძლო დანიშვნას აპროტესტებენ. როგორც კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბში (მასში ათამდე ორგანიზაციაა გაერთიანებული) აცხადებენ, ლორთქიფანიძის ამ თანამდებობაზე დანიშვნით ისედაც პოლიციური რეჟიმი კახეთში კიდევ უფრო გაძლიერდება.
როგორც ცნობილია, გია ლორთქიფანიძის ძმა დავით ლორთქიფანიძე შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელობს.
კახეთის გუბერნატორად გია ლორთქიფანიძის კანდიდატურა მას შემდეგ განიხილება, რაც ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, გურჯაანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა, უარი განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე დასანიშნად განიხილება გიორგი სიბაშვილის კანდიდატურაც. სიბაშვილი 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის `ნაციონალური მოძრაობის~ გურჯაანის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. მანამდე ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. სიბაშვილი ამჟამად კერძო იურიდიული საქმიანობით არის დაკავებული.
არასამთავრობო ორგანიზაციები კახეთის გუბერნატორად შს მინისტრის მოადგილის დანიშვნის შემთხვევაში, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ.
გელა მთივლიშვილი, კახეთი