"ადამიანის უფლებათა ცენტრი" სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურს დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
როგორც ცენტრში განმარტავენ, მათ წერილობით მიმართეს სურსათის უვნებლობის სამსახურს და შპს "ბეგი კომპანიის" მიერ წარმოებული ხორბლის პურის შემოწმება მოითხოვეს, მაგრამ სურსათის უვნებლობის სამსახურს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.
პურის შემოწმების მოთხოვნა მოქალაქეების განცხადებებმა და სპეციალისტების ვარაუდმა განაპირობა. მათი თქმით, არ არის გამორიცხული პურში ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ობის სოკო იყოს, რომლის ნიშნებიც სარეალიზაციო ქსელში შეტანილ პურზეც აღინიშნება.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ შპს "ბეგი კომპანის" პურზე საწარმოს მისამართად აღნიშნულია ქ. თბილისი კოსტავას 68. ამ მისამართზე კი, როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებელი მდებარეობს.
გელა მთივლიშვილი, კახეთი