კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზემოაჭარელი მძღოლების პროტესტი

22 ივლისი, 2008

ბათუმის ავტოსადგურში სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. ისინი დირექციის მიერ გადასახადის გაზრდის მოთხოვნას აპროტესტებენ. ავტოსადგურის დირექცია ითხოვს, რომ ბილეთები მხოლოდ სალაროში გაიყიდოს და ღირებულების 20 პროცენტი სადგურშივე დარჩეს. „მარშრუტკების“ მძღოლები დღემდე ასეთ გადასახადს არ იხდიდნენ.

ავტოსადგურიდან ძირითადად, ზემოაჭარის სოფლების „მარშრუტკები“ გადიან. მძღოლების თქმით, ახალი გადასახადის მოთხოვნა აუცილებლად გაზრდის მგზავრობის ღირებულებას, რასაც სოფლის მოსახლეობა ვეღარ შეძლებს რომ გადაიხადოს.

"სოფლის ხალხი ისედაც გაჭირვებულია. ქალაქში ჩამოსვლის ფული ისედაც არ აქვთ და ახლა მგზავრობის ტარიფი კიდევ უნდა გავუზარდოთ. გასაყიდად ჩამოტანილი კიტრი და მწვანილი გზის ფულად არ ჰყოფნით. 10 პროცენტი რომ ეთხოვათ, კიდევ შეიძლებოდა მოლაპარაკება, მაგრამ 20 ძალიან ბევრია", _ განაცხადა ქედის რაიონის, სოფელ ჯალაბაშვილების „მარშრუტკის“ მძღოლმა რამაზ ჩხუბაძემ.

ხოლო სოფლის მკვიდრები მგზავრობის ღირებულების გაზრდის წინააღმდეგი არიან: „მუდამ რომ იზრდება მგზავრობის ფასი, ჩვენ საიდან გადავიხადოთ? ბოლოს გლეხი იმასაც ვეღარ შეძლებს, რომ ბათუმში ჩამოვიდეს“.

მძღოლების განცხადებით, ისინი წამოყენებულ პირობებს ვერ შეასრულებენ და იძულებულნი არიან სადგური დატოვონ. მძღოლების თქმით, ჯერჯერობით, სადგურში თავისუფლად შედიან, მაგრამ როცა გადასახადს მოსთხოვენ, ტერიტორიის დატოვება მოუწევთ. ხოლო, სოფლის ხაზების დისპეჩერებს მუშაობა უკვე შეჩერებული აქვთ, დაკეტილია ამ ხაზების სალაროებიც. 
ავტოსადგურის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ზაურ სოლომონიძე მძღოლების პროტესტს არ იზიარებს: "სადგური საქველმოქმედო საზოგადოება ხომ არ არის, მუდამ შეღავათებს რომ ითხოვენ? აქამდე გაწეული შეღავათისთვის მადლობა არავის უთქვამს. როგორც კი კანონიერების დაცვა დაიწყო, მძღოლები აბუნტდნენ".

ბათუმის ავტოსადგური სააქციო საზოგადოებაა. სახელმწიფოს წილი მასში 31 პროცენტი იყო. 2008 წლის 8 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებულებით, აღნიშნული წილი პირდაპირი მიყიდვის წესით შპს "ფორტუნა სტეიშენს" გადაეცა, რომლის მფლობელიც ებრაელი ინვესტორი იაკობ ელიგულაა. ბათუმის ავტოსადგურში მძღოლების მდგომარეობა სწორედ ახალი ინვესტორის გამოჩენის შემდეგ შეიცვალა.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

 

ახალი ამბები