21 ნოემბერს ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ბადრი ქაჯაია ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა ქაჯაიას აყვანის სპეცოპერაცია ერას ქუჩაზე ჩაატარა. ქაჯაიას ბრალი 260 მუხლით (ნარკოტიკების შეძენა-შენახვა) ბრალდებით წაუყენეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე როინ კახიძემ ქაჯაიას აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ქაჯაიას დაპატიმრების შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრები არ საუბრობენ, კომენტაზე არც თვითმმართველი ორგანოს რესპუბლიკური პარტიის წევრები თანხმდებიან. ქაჯაია ბათუმის საკრებულოს ორი წლისა და ერთი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა დაკავებამდე ერთი კვირით ადრე, 14 ნოემბერს დატოვა. მაშინ გადადგომის მიზეზი არ დასახელებულა. ის გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. თუმცა, მანამდე იყო საუბარი, რომ ბადრი ქაჯაია საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას უცხოეთში სასწავლებლად წასვლის გამო ტოვებდა. თუმცა საკრებულოს წევრის თანამდებობაზე მას უფლებამოსილება არ შეწყვეტია.
ბადრი ქაჯაიას წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნისას, მასთან შეხვედრას ცდილობდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები აჭარაში. თუმცა, ქაჯაიას მათთან შეხვედრაზე უარი უთქვას.
მაკა მალაყმაძე,ბათუმი