კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საფრთხის წყარო რუსეთია'

5 იანვარი, 2009
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა 4 იანვარს დილის 8 საათზე გალის რაიონის სოფელ განმუხურში მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოსთვის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლის გახსნის ფაქტს. სამინისტროს ინფორმაციით,  სროლა განხორციელდა გალის რაიონის სოფელ ფიჩორიდან როგორც ავტომატური იარაღის, ისე ყუმბარმტყორცნების გამოყენებით. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთგზის აღნიშნა, რომ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე რუსეთის მხარისა და მისი მარიონეტული რეჟიმების მიერ ხორციელდება თავხედური თავდასხმები, რომელთა მიზანს ქართული მხარის პროვოცირება და რეგიონში არსებული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა წარმოადგენს. საქმე გვაქვს დანაშაულებრივი ქმედებების ჯაჭვთან, რომლის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე რეგიონებში უკვე დაიღუპა 10 და დაიჭრა ათობით ქართველი სამართალდამცველი, დაშავდა მრავალი მშვიდობიანი მოსახლე.

საერთაშორისო საზოგადოებისათვის ცხადია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საფრთხის წყაროს რუსეთი და მისი შეიარაღებული ძალები წარმოადგენს. ნათელია ისიც, რომ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად პირველი რიგის ამოცანაა ქმედითი საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელება სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებულ და კონტროლირებად ტერიტორიებზე.

საერთაშორისო დამკვირვებლებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უპირველეს ყოვლისა კი ოკუპირებულ რეგიონებში, გადაადგილების სრული თავისუფლება და მანდატით გათვალისწინებული ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების საშუალება უნდა მიეცეთ. ქართული მხარე კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქმედითი უსაფრთხოების მექანიზმების დროულ ამოქმედებას. საბოლოო ჯამში რუსულმა მხარემ სრულფასოვნად უნდა შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და მოახდინოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრული დეოკუპაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის მტკიცე პროტესტს ქართული მხარის წინააღმდეგ განხორციელებულ მორიგ პროვოკაციასთან დაკავშირებით და იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება რეგიონებში უსაფრთხოების მყარი გარანტიების უზრუნველყოფა და უკონტროლო და სახიფათო მოვლენების განვითარების თავიდან აცილება.

წყარო: მედიანიუსი


ახალი ამბები