იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ადგილობრივ ხელისუფლებას, თელავიდან კახეთის სხვა ქალაქების მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას სთხოვენ.
სტუდენტების განცხადებით, გარდა იმისა, რომ მგზავრობის საფასური ძვირია, ავტობუსები დადგენილი გრაფიკით არ მოძრაოებნ, რის გამოც ხშირად ლექციებზე დასწრებას ვერ ახერხებენ. მათივე თქმით, გადაადგილების პრობლემა განსაკუთრებით საღამოს საათებში აქვთ, რადგან ავტობუსები 16 საათის შემდეგ თითქმის აღარ მოძრაობენ.
მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის თხოვნით, სტუდენტებმა მუნიციპალიტეტების გამგეობებს რამდენიმე დღის წინ მიმართეს. ამ საკითხის მოგვარება მათ რაიონების გამგებლებს ადრეც არაერთხელ სთხოვეს, მაგრამ უშედეგოდ. მუნიციპალური ტრანსპორტი გურჯაანსა და თელავში მხოლოდ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე 20 დღით ადრე ამუშავდა, მაგრამ არჩევნების დამთავრებისთანავე, ორ კვირაში, ჰოლანდიიდან ჩამოყვანილი ავტობუსები, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ათიათასობით ლარი დაიხარჯა, გაუჩინარდნენ.
გელა მთივლიშვილი, კახეთი