კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს სახალხო დამცველი საპროტესტო აქციის დაშლის ფაქტის გამოძიებას მოითხოვს

4 მარტი, 2009
,,სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-21-ე მუხლის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას დაიწყოს გამოძიება 27 თებერვალს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დაშლის ფაქტზე, დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გიორგი გრიგალაშვილისა და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი გეგეჭკორის პასუხისმგებლობის საკითხი.

*  *  *

27 თებერვალს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე დაჩი ცაგურიამ. მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, 20 თებერვალს დაჩი ცაგურიამ და აკაკი დარასელიამ გაფრთხილებით მიმართეს თბილისის მერს მორიგი საპროტესტო აქციის ჩატარების შესახებ, რომელიც 27 თებერვალს, 14 საათზე უნდა გამართულიყო. განცხადებაში დაცული იყო „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის ყველა მოთხოვნა. მიუხედავად ამისა, 24 თებერვალს თბილისის მერიამ განმცხადებლებს აცნობა რომ, გაფრთხილება არ შეესაბამებოდა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, გაფრთხილებაში არ იყო აღნიშნული შეკრების მიზანი.


აღსანიშნავია, რომ მომიტინგეები  ითხოვდნენ 16 აგვისტოს ქ. ბათუმში წამებით მოკლული როინ შავაძის მკვლელობის ფაქტის ობიექტურ გამოძიებას, რაც თავისთავად მოიაზრებს აქციის დროს მიზნის არსებობას. გარდა ამისა, საპროტესტო აქცია უკვე გულისხმობს მიზნის – პროტესტის გამოხატვის არსებობას.

განცხადებიდან ირკვევა, რომ როგორც კი აქციის მონაწილეებმა სცადეს რუსთაველის გამზირის ტრანსპორტის სავალ ნაწილზე გადასვლა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი გრიგალაშვილისა და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, გიორგი გეგეჭკორის ხელმძღვანელობით პოლიციამ დაშალა მშვიდობიანი და კანონიერი საპროტესტო აქცია ძალის გადამეტებული გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებმა საპატრულო პოლიციას გააცნეს თბილისის მერიაში შეტანილი გაფრთხილება. პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შესაბამისად აქციის მონაწილეებს უკანონოდ შეეზღუდათ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. ამასთან, აქციის შეწყვეტის მოთხოვნით მომიტინგეებისათვის არ მიუმართავს ადგილობრივი მმართველობის უფლებამოსილ წარმომადგენელს, როგორც ამას ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პოლიციის წარმომადგენლებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის 25–ე მუხლის და ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების  შესახებ“ კანონის მოთხოვნები. მათ აქციის მონაწილეებს უკანონოდ შეუზღუდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლება და რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  161–ე მუხლით - ,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა“ გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

*  *  *

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) თანახმად, „ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა, აგრეთვე სხვებთან გაერთიანების თავისუფლებისა, მათ შორის, უფლება პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანებისა საკუთარი ინტერესების დასაცავად.

დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა განხორციელებაზე, გარდა ისეთი შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოს, დააწესოს კანონიერი შეზღუდვები ამ უფლებათა განხორციელებაზე შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ“.

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: ,,ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.“

,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად ,,ამ კანონით გათვალისწინებულია ხელისუფლების  წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.“ ერთადერთი ნორმა, აღნიშნულ კანონში, რომელიც დასაშვებს ხდის შეკრება მანიფესტაციის აკრძალვას/არ დაშვებას არის ამავე კანონის 14–ე მუხლი. კერძოდ: ,,ადგილობრივი მმართველობის ორგანო უფლებამოსილია არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მშვიდობიანი შეკრების მნიშვნელობაზე დემოკრატიულ საზოგადოებაში:  „მშვიდობიანი შეკრების უფლება არის დემოკრატიული საზოგადოების ერთ–ერთი საფუძველი. იგი მოიცავს როგორც კერძო შეხვედრებს, ასევე შეხვედრებს საზოგადოებრივ ადგილებში“.

საქმეში Samut Karabulut თურქეთის წინააღმდეგ, სასამართლომ დაადგინა მე–11 მუხლის დარღვევა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ვერ დაასაბუთა, რომ მისი მხრიდან განხორციელებული შეზღუდვა აუცილებელი იყო ეროვნული უშიშროებისათვის. სასამართლომ განმარტა, რომ ,,წინასწარი გაფრთხილების გარეშე დემონსტრაცია იყო უკანონო. მიუხედავად ამისა, დემონსტრაციის უკანონობა per se არ ამართლებს შეკრების თავისუფლების დარღვევას. ამ სფეროში არსებული რეგულაციები არ უნდა იქნეს გამოყენებული როგორც ფარული დაბრკოლება აღნიშნული თავისუფლებით სარგებლობის. ხელისუფლებას არ უჩვენებია, რომ დემონსტრაცია წარმოადგენდა საფრთხეს საზოგადოებრივი წესრიგის ან უსაფრთხოების. ძალადობის არ არსებობის შემთხვევაში ხელისუფლება თავის მხრივ ვალდებულია განსაზღვრული ხარისხით გამოამჟღავნოს შემწყნარებლობა.


28 თებერვლის გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნდა სტატია სათაურით ,,პარლამენტის წინ აქცია შეხლა–შემოხლით დასრულდა“. აღნიშნულ სტატიაში თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი გეგეჭკორი ჟურნალისტის კითხვაზე – რატომ დაარბია აქციის მონაწილენი პოლიციამ, როდესაც მათ ნებართვა ჰქონდათ, პასუხობს – ,,არავინ არ არბევს, ეს სანქციონირებული არ არის, გზის დაკეტვა სანქციაში არ შედის, ამის უფლება არ აქვთ.“

სახალხო დამცველის აზრით, შეიმჩნევა ახალი, სრულიად ანტიკონსტიტუციური სტანდარტის დაწესების ტენდენცია – ეს არის ფაქტობრივად ნებართვის ინსტიტუტის შემოღება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, ამოღებულ იქნა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე–5 პუნქტი (რომელიც ითვალისიწინებდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მხრიდან გაფრთხილების არ მიღების შესაძლებლობას), რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული პუნქტი ეწინააღმდეგებოდა  საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს. 

წყარო: სახალხო დამცველის აპარატი

ახალი ამბები