კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ

4 მარტი, 2009
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიურომ გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2008 წლისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული ვითარების შესახებ. ანგარიშში საქართველოს საკმაოდ ვრცელი ქვეთავი ეძღვნება.

სახალხო დამცველი ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, რომელიც 2009 წლის 25 თებერვალს გამოქვეყნდა.

20 გვერდიან შეფასებაში ობიექტურად არის ასახული ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობა - პრობლემები და მიღწევები. არჩევნები, სამართლიანი სასამართლოს უფლება, სიცოცხლის ხელყოფა, ადამიანთა გაუჩინარება,  წამება, სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, მდგომარეობა საპატიმროებში, მოქალაქეთა უკანონო დაკავება და დაპატიმრება, პოლიტიკური პატიმრები, კონფლიქტურ ზონებში არსებული ვითარება, გამოხატვის თავისუფლება, კორუფცია, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, ბავშვის უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები - ეს ის თემებია რომელიც ანგარიშში დეტალურად არის განხილული.

ანგარიშში არაერთხელ არის მაგალითად მოყვანილი სახალხო დამცველის მიერ აღწერილი უფლებათა დარღვევის შემთხვევები.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა:

2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დრო მომხდარ მოქალაქეთა დაშინების და ზეწოლის, ხმების დათვლისას გაყალბების, საჩივრების მიღების და განხილვის პროცესში არსებული დარღვევების ფაქტებს. ნათქვამია, რომ იგივე პრობლემები იყო 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროსაც.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს როგორც რუსეთის ასევე საქართველოს მხრიდან ეცხლის განურჩევლად და დამიზნების გარეშე გახსნის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალებას, მსხვერპლს, მათ შორის ჟურნალისტების მკვლელობას.

სიცოცხლის უკანონო და თვითნებური ხელყოფის ფაქტებს - მათ შორის გიორგი გამცემლიძის მკვლელობას, როინ შავაძის მკვლელობას და მის ოჯახზე ზეწოლას, თბილისის მე-5 საპყრობილეში მომხდარი  ბუნტის დროს  7 პატიმრის მკვლელობას, ალექსანდრე ხუბულოვის და ზურაბ ვაზაგაშვილის, ასევე ვარლამ ფხაკაძის მკვლელობას - განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ამ საქმეების გამოძიების არაეფექტურობაზე.

ამირან რობაქიძის მკვლელობის და ხვიჩა კვირიკაშვილის ცემის ფაქტებზე მტკიცებულებათა ფაბრიკაციას.

წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებს, როგორიცაა ექიმ გოჩა ეხვაიას წამება პოლიციის თანამშრომლების მიერ, თეიმურაზ გორგიშელის წამება ასევე პოლიციის თანამშრომლების მიერ. ყურადღება ეთმობა სახალხო დამცველის მიერ მოყვანილ ფაქტებს - პოლიციის მხრიდან დაკავებისას გადამეტებული ძალის გამოყენებით მოქალაქეთა დაზიანების შემთხვევებზე.

საპატიმროებში არსებულ რთულ ვითარებას - არაადამიანურ და სიცოცხლისათვის საშიშ პირობებს, პატიმართა სიკვდილობას,  საკნებში არსებულ გადატვირთულობას, ჯანდაცვის სერვისებზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობას, მძიმე სანიტარულ პირობებს, პატიმართა თვითმკვლელობის ფაქტებს.

უკანონო დაკავების ფაქტებს და დაკავებისას მომხდარ დარღვევებს - ეჭვის საფუძველზე მოქალაქეთა დაკავებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე და მოქალაქეთა გარდაცვალების შემთხვევებზე.

დაკავებისას მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტებს და მათ არასათანადო გამოძიებას, მაგალითად, როგორიცაა შსს-ს მიერ ლაშა ხორგუანის, გოჩა და ხვიჩა მილდიანების უკანონო დაკავების და მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტი - ჩადენილი შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას მითითებით, პირადი შურისძიების მოტივით.  ანგარიშში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშებში შესულია არაერთი შემთხვევა, როცა სამართალდამცველები მოქალაქეებს იარაღს და ნარკოტიკულ ნივთიერებებს უდებდნენ ჯიბეში მტკიცებულებათა გაყალბებით მათი დაკავების მიზნით.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის 14-დან 12 წლის ასაკამდე დაწევას.

მოსაზრებას, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული.

პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის პროცესზე მონიტორინგის ტექნიკური საშუალებების უკანონო მიზნებით გამოყენებას - კერძოდ ეჭვმიტანილის დაცვის მხარესთან შეხვედრაზე კონტროლის განხორციელებას.

* ნათქვამია, რომ სამართალდამცველები დაკავებისას მოქალაქეებს მისი უფლებების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან.

* აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის ფაქტებს - მოყვანილია შეხედულება, რომ სასამართლო გადაიქცა აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწვეტილებათა ნოტარიუსად.

* მოსამართლეებზე სატელეფონო ზეწოლის ფაქტებს.

* საპროცესო შეთანხმების მექანიზმის გამოყენებაზე - ნათქვამია, რომ ეს მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული ყოველგვარი ზეწოლის, დაშინების თუ უკანონო დაპირების გარეშე, იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომ პირობებში.

* განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოლიტიკური პატიმრების საკითხს - მაგალითად მოყვანილია სახალხო დამცველის მიერ პოლიტიკურ პატიმრებად დასახელებული პირები: მერაბ რატიშვილი, იოსებ ჯანდიერი, ილია წურწუმია, ჯონი ჯიქია და დიმიტრი გოდაბრელიძე. * აქვე მითითებულია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი უარყოფს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას.

* აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ არასრულწოვანთა გამოყენებას სამხედრო სამსახურში და საომარი მოქმედებებისთვის.

* ხელისუფლების მხრიდან მედიის კონტროლს - საგამომცემლო საქმიანობაში ჩარევას და მედია მფლობელთათვის მათ მფლობელობაში არსებული წილების გამოძალვას და სასურველი პირებისთვის გადაცემას. მაგალითად მოყვანილია 2004 წელს რუსთავი 2-ში მომხდარი ფაქტი,  2007 წელს ”ტელე იმედზე” მომხდარი ძალადობის ფაქტი და ტელეკომპანია ”მაესტრო”-სთვის კომისიის მხრიდან პოლიტიკური პროგრამების სამაუწყებლო ლიცენზიაზე უკანონო უარის  თქმის საკითხი.

* ყურადღება მახვილდება საარჩევნო კამპანიის დროს მმართველი და ოპოზიციური პარტიების მხრიდან სატელევიზიო ეთერის გამოყენებაში არსებულ დისბალანსზე პირველის სასარგებლოდ.

* 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მედიის თავისუფლების ხარისხი მკვეთრად დაეცა - ნათქვამია ანგარიშში.

* მოყვანილია სახალხო დამცველის დასკვნა, სადაც იგი აცხადებს, რომ ელეკომპანიები უარს აცხადებენ დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებების ეთერით გაშვებაზე.

* 2007 წლის  4 ნოემბერს შსს მინისტრის მიერ ჩატარებულ თათბირსა და მის გამოძიებაზე, სადაც 7 ნოემბერს მანიფესტაციის მონაწილეთა მიმართ ალის გამოყენების ბრძანება გაიცა. ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი ითხოვს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შემქნას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

* მოყვანილია ეუთო-ს დასკვნები, სადაც ნათქვამია, რომ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში, რასაც თან ახლდა ოპოზიციური ლიდერების და აქტივისტების დაშინება და მათზე ზეწოლა. აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი გამოვიდა კრიტიკით ამ ფაქტების მიმართ.

*ოპოზიციის აქტივისტების  დარბევის ფაქტების არასათანადო გამოძიებაზე - კერძოდ მოყვანილია მამუკა კვარაცხელიას, რამინ აბულაძის, დავით საზანაშვილის, ამირან იბაშვილის, ნუგზარ ხუცურაულის, გიორგი თავდგირიძის, გიორგი შერვაშიძის, იოსებ ბოცვაძის, ზურაბ გიგუაშვილის და ნონა საგარეიშვილის მიმართ მომხდარი დარღვევები.

* პოლიტიკური უფლებების ნაწილში ყურადღება ეთმობაოქალაქეთა უფლებას შეცვალონ მთავრობა - ნათქვამია, რომ კანონმდებლობა მოქალაქეებს ამის უფლებას აძლევს, თუმცა მიმდინარე წელს მთავრობის მიერ გაკეთებული ჩანაწერი ამ საკითხის გარშემო არეულია.

* კორუფციას და გამჭვირვალობას - ნათქვამია, რომ პრობლემად რჩება ლიტარული კორუფცია. ყურადღება მახვილდება კორუმპირებულ მოხელეთა მიმართ ერჩევით სამართალზეც.

* არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სახალხო დამცველის მიმართ არსებულ ნდობის მაღალ ხარისხზე. სახალხო დამცველის აპარატი მიჩნეულია ეფექტურ მექანიზმად.

* 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციისას სახალხო დამცველის ცემის ფაქტზე, სადაც ის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა - ნათქვამია, რომ ამ შემთხვევის გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს.

* სახალხო დამცველის ანგარიშების მიმართ პარლამენტის გულგრილ დამოკიდებულებას.

* ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან საარჩევნო უბნებზე პროცესის მონიტორინგის მიზნით გაკეთებულ ჩანაწერებს - ნათქვამია, რომ სახალხო დამცველს ჩანაწერები გაჭიანურების და დაბრკოლების შედეგად გადასცეს და ისიც მხოლოდ შეზღუდული მოცულობით.

*შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე - ნათქვამია, რომ  კანონმდებლობის მოთხოვნები დარღვეულია შშმ პირთა მიმართ. მაგალითად,  საუბარია საჯარო დაწესებულებებში შესაბამისი სამშენებლო სტანდარტების არ გათვალისწინებაზე.

*ორსული ქალების უფლებებს შრომის კოდექსში - მოყვანილია სახალხო დამცველის დასკვნა, სადაც იგი მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსი ორსული ქალების შრომით უფლებებს არ იცავს, არ იცავს მათ თუნდაც სამსახურის დაკარგვისგან.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ობიექტურია და ასახავს დღევანდელ რეალობას.

ანგარიშში ასახული პრობლემები არაერთხელ იქნა აღწერილი სახალხო დამცველის საპარლამენტო თუ სპეციალურ მოხსენებებში და წარედგინა საქართველოს პარლამენტს, ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფართო საზოგადოებას.

სახალხო დამცველი თვლის, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ შექმნილია მძიმე ვითარება და მოუწოდებს ხელისუფლებას რეაგირება მოახდინოს იმ პრობლემებზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის შეტანილი.

წყარო: სახალხო დამცველის აპარატი

ახალი ამბები