კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველი ოჯახის განცხადებით, საარსებო შემწეობას ეთნიკური წარმოშობის გამო არ აძლევენ

3 აპრილი, 2009

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრს" ქ. თელავში მცხოვრებმა ზაურ მაკარიჩევმა განუცხადა, სოციალური მომსახურების სააგენტო მის ოჯახს საარსებო შემწეობას მხოლოდ იმის გამო არ უნიშნავს, რომ მაკარიჩევი ეროვნებით რუსია. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ – საქართველოს ომის შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილების სოცაგენტის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს მისი მეუღლე, ოლია მაკარიჩევი – ნარეკლიშვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ზაურ მაკარიჩევი მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფია და საწოლს არის მიჯაჭვული. ოჯახი, რომელიც სულ ორი წევრისგან შედგება, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ამიტომაც მაკარიჩევებმა საარსებო შემწეობის დანიშვნის თხოვნით სოციალური მომსახურების სააგენტოს არაერთხელ მიმართეს. პირველი შემოწმების შედეგად მაკარიჩევების ოჯახს ქულათა ის რაოდენობა მიენიჭა, რომ საარსებო შემწეობა უნდა მიეღოთ, თუმცა მას შემდეგ რაც ამის შესახებ ცნობილი გახდა სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსისთვის, ოთარ სესიკაშვილის დავალებით, მაკარიჩევების ოჯახი განმეორებით გადამოწმდა და ოჯახს ქულათა ახალი, გაზრდილი რაოდენობა მიენიჭა. მაკარიჩევებმა დახმარებისათვის ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ მათი პრობლემით არავინ დაინტერესდა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მაკარიჩევების საქმის დეტალების გასარკვევად სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრში მაკარიჩევების ეთნიკური ნიშნით ჩაგვრის ფაქტი უარყვეს, თუმცა სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭება ვერაფრით დაასაბუთეს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე სახალხო დამცველის აპარატს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას და მედიას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

"აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ოთარ სესიკაშვილი, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ვახტანგ მეგრელიშვილის ბიძაა (დედის ძმა). ცნობილია, რომ სესიკაშვილი ამ თანამდებობაზე სწორედ დისშვილის წყალობით დაინიშნა და მეგრელიშვილი, რომელიც ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს ფაქტობრივი მმართველია, ბიძას ამ დრომდე მფარველობს. ამას ისიც ადასტურებს, რომ კახეთში სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის არაეფექტურად განხორციელებისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბევრი საფუძვლიანი საჩივრისა და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, სესიკაშვილს პასუხისმგებლობას არავინ აკისრებს", - ნათქვამია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები