კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'ობიექტივი' 6 მაისს განვითარებულ პროცესებთან მიმართებაში პასუხისმგებლობას ჟურნალისტ ნიკა ავალიანს აკისრებს

8 მაისი, 2009

ჟურნალისტთა კავშირი „ობიექტივი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

"ჟურნალისტთა კავშირმა „ობიექტივი“  ჯერ კიდევ გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია სახელისუფლებო ტელეარხის ნაკლებად ცნობილ ჟურნალისტზე შესაძლო თავდასხმის შესახებ, რასაც გეგმავდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და რაც გამოყენებული იქნებოდა ოპოზიციური მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით.

გარკვეული ინტერპრეტაციით, მაგრამ ეს სცენარი  ხელისუფლებამ პრაქტიკულად განახორციელა.  „ჟურნალისტზე თავდასხმის გეგმაში“  პროვოკაციის გამომწვევად მოგვევლინა თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანი ნიკა ავალიანი, რომელმაც მშვიდობიანი მომიტინგეების მიერ ორგანიზებული „სირცხვილის დერეფანი“   საკანზე „თავდასხმით“ გააპროტესტა. 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ტელეწამყვანმა ავალიანმა მორალურ ზეწოლას ვერ გაუძლო და „შეტევა მიიტანა“ საკანზე, რომლის გისოსების დანგრევასაც გულმოდგინედ ცდილობდა. ამასთან, ავალიანმა დაარღვია საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი, როცა პირველმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა  ახალგაზრდული მოძრაობის „9 აპრილი“-ს წევრებს. ტელეწამყვანმა პრაქტიკულად ხელოვნურად გამოიწვია მასზე თავდასხმის შესაძლებლობა, ანუ  მოგვევლინა პროვოკატორის როლში, რასაც მომიტინგეების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. აღსანიშნავია ფაქტი, რომ პროვოკატორის პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში არავის დაუყენებია“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლებმა პოლიტიკური ნიშნით შური იძიეს ახალგაზრდული მოძრაობის „9 აპრილი“-ს წევრებზე, რომელთა შორის იყო 15 წლის მოზარდი. ამასთან, ნიკოლოზ ავალიანის პროვოკაციას საზოგადოებისათვის სხვა, გაცილებით საშიში და ტრაგიკული პროცესები მოჰყვა.

„ვგულისხმობთ, თბილისის პოლიციის სამმართველოსთან 2009 წლის 6 მაისს განვითარებულ მოვლენებს, რომლის დროსაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ფიზიკურად დაშავდა. ნიკა ავალიანს, როგორც პატიოსან ჟურნალისტს, ეს ფაქტი არ გაუპროტესტებია. უფრო მეტიც, დაზარალებული ახალგაზრდების განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში მათზე ფიზიკურ ზეწოლას ესწრებოდნენ ავალიანის უახლოესი მეგობრები, რომლებიც უშუალოდ ადევნებდნენ თვალს  „9 აპრილის“ წევრთა დასჯის პროცესს.  მოვუწოდებთ საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატებს დროულად გამოავლინონ დიქტორ ავალიანის ამ მეგობართა ვინაობა და დეტალურად შეისწავლონ ზემოხსენებული ფრაგმენტი. სპეცრაზმებთან და პატრულის დანაყოფებთან ერთად, ჩვენს ახალგაზრდა კოლეგას ვაკისრებთ პასუხისმგებლობას 6 მაისს განვითარებულ პროცესებთან  მიმართებაში და პირდაპირ ვდებთ ბრალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევაში“, - აღნიშნულია „ობიექტივის“ განცხადებაში.

ჟურნალისტთა კავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ ქცევის კოდექსის დარღვევის მოტივით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერიდან გიორგი კორკოტაშვილი მოხსნა, ანალოგიური გავრცელდეს ნიკა ავალიანზე და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანის თანამდებობიდან.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალისტთა კავშირი „ობიექტივი“ მომავალი კვირიდან დაიწყებს საზოგადოებრივი მაუწყებლის არა პერმანენტულ, არამედ უწყვეტ პიკეტირებას და შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებს", - აცახდებენ ჟურნალისტთა კავშირ „ობიექტივში“.

 წყარო „ობიექტივი“

ახალი ამბები