არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისი საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
საქმე ისაა, რომ გასულ კვირას, ხუთშაბათს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თელავის და გურჯაანის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ავტომანქანები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოართვეს.
„პოლიციის თანამშრომლებს ოპოზიციური პარტიის წევრებისთვის მანქანის ჩამორთმევის დროს არ განუმარტავთ ქმედების განხორციელების მიზეზები და ადგილზე არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგენიათ, ისე გადაიყვანეს ორივე მანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე. მომდევნო დღეს, სამართალდამცავებმა მანქანების მესაკუთრეები 10-10 ლარით დააჯარიმეს, გადაახდევინეს მანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის ქირა და ავტომობილები დაუბრუნეს. აშკარაა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ხელმძღვანელობის უკანონო დავალებებს ასრულებდნენ. ამასთან ერთად, მათ გადააჭარბეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა“, - აღნიშნეს უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის რეგიონულ ოფისში.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი