საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა ფილიპინებში დაკავებული ქართველები სამშობლოში სასწრაფოდ დააბრუნოს. დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა განაცხადა, რომ დაკავებულია საქართველოს სულ 13 მოქალაქე, რომელიც ამ დროისათვის საემიგრაციო ბანაკში იმყოფება. „მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი თავს კარგად გრძნობენ და შესაფერისი პირობებიც აქვთ ამისთვის. შაბათ-კვირის განმავლობაში ჩვენ მათთან მუდმივ კონტაქტში ვიყავით“, - განაცხადა ნალბანდოვმა. ამასთან, მისი ინფორმაციით, დაკავებულ ქართველებს გემის მფლობელმა კომპანია „ლაპლატამ“ ადვოკატი მიუჩინა, რომელიც დღეს ფილიპინების ხელისუფლებას შეხვდება. „ჩვენთან ერთად კომპანია „ლაპლატა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაკავებულები რაც შეიძლება, მალე გაათავისუფლონ“, - განმარტა ნალბანდოვმა.
შეგახსენებთ, რომ ფილიპინებში დაკავებული გემის ეკიპაჟის წევრებს, რომელთაგან 13 ქართველია, იარაღის კონტრაბანდული გზით გადატანაში ედებათ ბრალი.
წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“