კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილა

6 ოქტომბერი, 2009

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს მორიგი საჩივარი, რომლითაც ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მიმართ ჯარიმის დაკისრებას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა არ დააკმაყოფილა.

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ყოფილ სამხედრო მოსამსახურე კახაბერ ნიქაბაძესთან სასამართლო დავა თავდაცვის სამინისტრომ 2008 წლის 22 სექტემბერს, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში დაიწყო. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კახა ნიქაბაძეს შეიარაღებულ ძალებში 4 წელი უნდა ემსახურა. პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი კისრულობდა ვალდებულებას, სამინისტროსთვის აენაზღაურებინა კონტრაქტით დარჩენილ ვადაში მასზე გათვალისწინებული თანხა. სამსახურის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ეს თანხა 14 000 ლარს შეადგენდა, ორი წლის შემდეგ – 10 000-სა და სამი წლის შემდეგ – დარჩენილი ერთი წლის სახელფასო თანხას - 5 000 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის დროს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხისათვის ჯარიმის - 14 000 ლარის, ზიანის სახით 2 618 ლარისა და პირგასამტეხლოს - 2005 წლის 2 დეკემბრიდან ჯარიმის  დაკისრება  მოითხოვა. სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მხოლოდ ზიანის ანაზღაურების ნაწილში. ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს მასზე დახარჯული კვების თანხის – 612 ლარის გადახდა დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ კი მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მანვე აპელანტის მოთხოვნით შეწყვიტა საქმის წარმოება თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე ჯარიმის თანხისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოდავე მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი არ განსაზღვრავს რაიმე სახის პასუხისმგებლობას სამხედრო მოსამსახურის მხრიდან 1 წლის გასვლამდე კონტრაქტის შეწყვეტის პირობებში. ნიქაბაძე კი სამხედრო სამსახურში სულ 8 თვე იმყოფებოდა, რის შემდეგაც მინისტრის ბრძანებით გათავისუფლდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ათეულობით საჩივარი განიხილა, რომლითაც თავდაცვის სამინისტრო ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის ჯარიმისა და ზიანის ანაზღაურების დაკისრებას ითხოვდა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები