არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ლიტვურ კომპანია „ახემა ჯგუფს“, რომელის ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მფლობელია, მოსახლეობის დაყაჩაღებაში ადანაშაულებს. უფლებადაცვითი ორგანიზაცია, ენერგოკომპანიის მიერ მომხმარებლებისათვის თანხის კომუნალური მრიცხველების მიხედვით დაკისრებას აპროტესტებს.
„სოციალური გაჭირვებიდან გამომდინარე ათიათასობით ადამიანი ელექტროენერგიას ეკონომიურად მოიხმარს. ადამიანებს, რომელთაც ერთი თვის განმავლობაში, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებით საშუალოდ 5 ლარის გადახდა უწევთ, საუბნო მრიცხველის ჩვენებით დამატებით ორმაგ და სამმაგ თანხებს ახდევინებენ. სემეკ-ის დადგენილება, რომლის გამოყენებითაც „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ რეგიონის მოსახლეობას აყაჩაღებს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებსაც ითვალისწინებს, თუმცა ენერგოკომპანია ამ ვალდებულებებს არ ასრულებს“, - განაცხადეს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში.
უფლებადაცვითი ორგანიზაცია კახეთში მცხოვრებ ადამიანებს, „ვისაც ენერგოკომპანია თანხებს კომუნალური მრიცხველით სძალავს“, უფასო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისს ან დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე: 8 253 2 22 11.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ბრალდებებთან დაკავშირებით „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ კომენტარი არ გააკეთეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი