კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოების ნაწილი კითხვებს ხელისუფლებასაც უგზავნის

4 დეკემბერი, 2009

საზოგადოების ნაწილი სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ხელისუფლებას კითხვებით მიმართავს.

„ვთვლით, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა სეკულარული სახელმწიფოს ძირეულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რის გამოც შეშფოთებას გამოვთქვამთ და რამდენიმე კითხვით მოგმართავთ. მიგვაჩნია, რომ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საზოგადოების 235 წარმომადგენელი აწერს ხელს, მათ შორის - დეკანოზი კახაბერ კურტანიძე, ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე, ექსპერტი ნუგზარ პაპუაშვილი, „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი თეა თუთბერიძე და სხვები.

მიმართვის ავტორები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ პასუხს კითხვებზე: რატომ არ იღებენ კანონს „ლუსტრაციის შესახებ“, რომელიც როგორც პოლიტიკურ, ისე სასულიერო პირებზე გავრცელდება? პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან და საბიუჯეტო სახსრებიდან მართმადიდებელი ეკლესიის 25 მილიონით დაფინანსება არის თუ არა სხვა კონფესიების დისკრიმინაცია და სახელმწიფოს ჩარევა ეკლესიის საქმიანობაში? რამდენად კანონიერი იყო 2008 წლის თებერვალში, საპარლამენტო არჩევნების წინ საპატრიარქოს მაღალი იერარქებისთვის „ჯიპისა“ და „პიკაპის“ ტიპის 30-მდე ძვირადღირებული ავტომობილის გადაცემა? რამდენად კანონიერად მიმდინარეობს საქართველოს საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების, შენობა-ნაგებობების, ტყეებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაცემა? რატომ არ უბრუნდებათ სხვა რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონება? რატომ არის გადასახადებისაგან გათავისუფლებული მხოლოდ მართმადიდებელი ეკლესია? რამდენად გამართლებულია რელიგიურ რიტუალებში პოლიტიკოსების საჯარო მონაწილეობა, განსაკუთრებით - წინასაარჩევნო პერიოდში? რამდენად გამართლებულია პრეზიდენტის მიერ სამების საკათედრო ტაძარში ნატოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობითი დელეგაციის მიღება? რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე?..

ამასთან, მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების თვალსაზრისით არსებული რეალობა სახელმწიფოს საეროობას და ლიბერალურ-დემოკრატიულ განვითარებას უქმნის საფრთხეს.

ორი მიმართვა - „კითხვები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქს“ და „კითხვები საქართველოს ხელისუფლებას“ 3 დეკემბერს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასა და საქართველოს საპატრიარქოში გაიგზავნა. როგორც „პირველს“ მიმართვების შემუშავების ერთ-ერთმა ინიციატორმა, თეა თუთბერიძემ განუცხადა - „იმ შემთხვევაში, თუ მიმართვებს არავინ გამოეხმაურება, დუმილიც თავისებური პასუხი იქნება, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ მათ სათქმელი არაფერი აქვთ“.

შეკითხვები სრულად შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტ-ფორუმებზე: www.planeta.ge; www.forum.ge


წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“  

ახალი ამბები