კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიცია დაზარალებულ მესაკუთრეებს შეკრებას უკრძალავს

14 დეკემბერი, 2009

სიღნაღის პოლიცია ქალაქში საპროტესტო შეკრებას უკრძალავს იმ სიღნაღელებს, ვისაც ორი წლის წინ ქალაქში საკუთრება წაართვეს. ამის შესახებ რადიო `ჰერეთის~ პირდაპირ ეთერში დაზარალებულმა მესაკუთრეებმა განაცხადეს.

მანანა მაჭარაშვილის თქმით, სიღნაღის ქუჩებში გამოჩენისთანავე მას პოლიციის თანამშრომლები დაყვებიან და ნაცნობებთან საუბრის საშუალებასაც არ აძლევენ: "მითვალთვალებენ და იმუქრებიან, რომ თუ სადმე შევიკრიბებით და პროტესტს გამოვთქვამთ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაგვაკავებენ."

პოლიციას დევნაში ადანაშაულებს მატილდა მირზოევაც, რომელსაც მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ იმ ნაკვეთის დაკანონების საშუალება არ მისცა, რასაც 1973 წლიდან ფლობს.

"ერთხელ პროტესტი გამოვთქვი და პოლიციის განყოფილებაში კი არ წამიყვანეს, თმებით წამათრიეს. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა წამიყენეს ბრალად და დამაჯარიმეს", - აღნიშნა მირზოევამ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის კოორდინატორის, გელა მთივლიშვილის განცხადებით, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მოქალაქეებს უფლება აქვთ, შეიკრიბონ და საკუთარი შეხედულებები საჯაროდ გამოხატონ პლაკატებით, ლოზუნგებით, ტრანსპარანტებით ან სხვა სახვითი საშუალებებით, მაგრამ მათ არა აქვთ უფლება, ამისათვის გამოიყენონ კანონით განსაზღვრული დაწესებულებების შენობების შესასვლელები და კიბეები, გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი ან შეაფერხონ ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის პოლიციის უფროსმა ალექსანდრე ონანაშვილმა განუცხადა, მოქალაქეთა ბრალდებები უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი       

ახალი ამბები