კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხარეო პოლიცია ოსებს ძროხებს არ უბრუნებს

16 დეკემბერი, 2009

ერგნეთში კონსტანტინე კასრაძემ საკუთარ ბაღში სამი ძროხა იპოვა. საქონელი ოსური სოფლიდან იყო გადმოსული და ოსებს ეკუთვნოდა. კასრაძემ ქართულ პოლიციას მიმართა, რის შემდეგაც პოლიციამ ძროხები წაიყვანა.

„ჩემს ბაღში საქონელი დადიოდა. ბაღის იქით კი უკვე ოსების ტერიტორიაა. საქონელი რომ წამოვიყვანე, ჩემს შვილს ვუთხარი, რა ვუყოთ ამ ძროხებს მეთქი. სოფელში ზოგი მეუბნებოდა, დაიტოვეო, ზოგი – ისევ მინდორში გაუშვი და თავისით მივლენ პატრონთანო, მაგრამ მე პოლიციას ვუთხარი.  შემპირდნენ, თუ ვინმე გამოჩნდებოდა პატრონი, დაუბრუნებდნენ. ახლა ჩვენი მეზობელი სოფლის ოსებს გაუგიათ, რომ ძროხები ჩვენთან იყო ეზოში. შემომითვალეს, დაგვიბრუნე საქონელიო, მაგრამ მე ჩვენი პოლიცია აღარ მიბრუნებს ძროხებს, რათა ისევ ოსებს გადავცე. ისეთ ადგილზე ვცხოვრობ, სულ განაპირას დგას ჩემი სახლი. ხომ შეიძლება შურისძიების მიზნით, ღამით ვიღაც მოგვივარდეს და დაგვაწიოკოს?!“, - შიშობს კონსტანტინე კასრაძე.

პოლიციის განყოფილების უფროსმა ჯემალ რუსიტაშვილმა დაგვიდასტურა, რომ კასრაძეების ოჯახიდან მართლაც წამოიყვანა ნაპოვნი ძროხები. მისი თქმით საქონელი ახლა ერთ-ერთ ფერმაში ჰყავთ. როგორც რუსიტაშვილმა გვითხრა, რომ ძროხის დაბრუნების საკითხს წყვეტს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსი ვოვა ჯუღელი ან მისი მოადგილე შალვა ტრამაკიძე. ჩვენ არც ერთი მათგანი არ შეგვხდა -  ინფორმაციის მისაღებად და ნებართვის ასაღებად შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდითო.

პრესსამსახურის წარმომადგენელმა ზურაბ გვენეტაძემ გვითხრა - ნახევარ საათში დამირეკეთ, გაგირკვევთ ყველაფერსო. ნახევარის საათის შემდეგ კი ტელეფონის ზარს აღარ პასუხობდა. იგივე მოიმოქმედა სამხარეო სამმაართველოს ადგილობრივმა პრესსამსახურმა.

პოლიციელმა ჯემალ რუსიტაშვილმა პირად საუბარში გვითხრა -  ძროხებს მანამდე არ მივცემთ ოსებს, ვიდრე ნიქოზიდან გატაცებულ ძროხებს არ დააბრუნებენო.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები