კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღატაკები სოციალური მომსახურების სააგენტოსთან უვადო შიმშილობის აქციის დაწყებას აპირებენ

29 იანვარი, 2010

სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილების ხელმძღვანელის, ზურაბ ნატროშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. ღატაკები სააგენტოს ხელმძღვანელს დახმარებების არასწორად დანიშვნაში ადანაშაულებენ. იმ შემთხვევაში, თუ ვითარება რამდენიმე დღეში არ შეიცვალა, სოციალურად გაჭირვებულები სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილებასთან უვადო შიმშილობის აქციის დაწყებას აპირებენ.

ღატაკების თქმით, სააგენტო საარსებო შემწეობებს შიმშილის პირზე მყოფების ნაცვლად, შეძლებულ ოჯახებს უნიშნავს. ამის დასტურად ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრებ გალინა აბულაშვილს ამავე ქუჩაზე მცხოვრები ნათელაძეების ოჯახი მოჰყავს. აბულაშვილის ცნობით, სესილი ნათელაძის ოჯახს შირაქში რამდენიმე ჰექტარი ნაკვეთი აქვს გაქირავებული, სხვადასხვა ადგილზე სამი ბინა აქვს და დედოფლისწყაროში პურის საცხობს ამუშავებს. მიუხედავად ამისა, ნათელაძის ოჯახი საარსებო შემწეობას იღებს, თვეში 125 ლარის ოდენობით.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილების ხელმძღვანელმა ზურაბ ნატროშვილმა განუცხადა, ნათელაძეების ოჯახი ნამდვილად საარსებო შემწეობის მიმღებია. ნატროშვილი პასუხისმგებლობას სოციალურ აგენტს გია გუგენიშვილს აკისრებს, რომელმაც ნათელაძეების ოჯახის დეკლარაცია შეავსო.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის რეგიონული კოორდინატორის, გელა მთივლიშვილის განცხადებით, სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამა კახეთში არაეფექტურად ხორციელდება: „ამ პროგრამასთან დაკავშირებით ყოველდღიურად მინიმუმ 20 მოქალაქე მაინც მოგვმართავს. განმცხადებელთა აბსოლუტური უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, მაგრამ საარსებო შემწეობებს ან ვერ იღებენ ან უსაფუძვლოდ შეუწყვიტეს. მაგალითად, ერთ-ერთი ოჯახი იმდენად გაჭირვებული იყო,  სიცივისა და შიმშილისაგან ორივე ბავშვი დაეღუპათ, მაგრამ სააგენტომ მათ დახმარება მაინც არ აღირსა. ამ ფონზე ისეთი ოჯახები სარგებლობენ პროგრამით გათვალისწინებული შეღავათებით და სოციალური დახმარებით, ვისაც მანქანებიც ჰყავთ, ხელფასებიც აქვთ და სხვა შემოსავალიც“.

უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ოთარ სესიკაშვილი, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ვახტანგ მეგრელიშვილის ბიძაა (დედის ძმა).

მთივლიშვილის განცხადებით, სესიკაშვილი ამ თანამდებობაზე სწორედ დისშვილის წყალობით დაინიშნა და მეგრელიშვილი, რომელიც ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს ფაქტობრივი მმართველია, ბიძას ამ დრომდე მფარველობს: „ამას ისიც ადასტურებს, რომ კახეთში სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის არაეფექტურად განხორციელებისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბევრი საფუძვლიანი საჩივრისა და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, სესიკაშვილს პასუხისმგებლობას არავინ აკისრებს“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები