კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციის მტკიცებით, 500 ხმის მოგროვების სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველს პატიმრის გათავისუფლებას პირდება

21 აპრილი, 2010
მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პატიმრებით ვაჭრობის თემა გურიაში ისევ აქტუალური გახდა. ოპოზიციის განცხადებით, პატიმრების ოჯახის წევრებს 500 ხმის მოგროვების სანაცვლოდ, „ნაციონალები“ შვილის ციხიდან გათავისუფლებას პირდებიან.

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლელა ნაცვალაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების სხვადასხვა მეთოდი აქვს. დაიწყო თუ არა თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება, სხვა მრავალ მეთოდებთან ერთად, კვლავ წამოიწია პატიმრების გათავისუფლების საკითხმა. დაბა ლაითურში მართლმსაჯულებისათვის გადაცემული ტ.ს.-ს ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენელს ნარკორეალიზატორობისთვის 7 წელი აქვს მისჯილი.  500 ხმის სანაცვლოდ, ხელისუფლება ოჯახს პატიმრის ციხიდან გამოშვებას პირდება. სოფელ მელექედურში ხ.ლ.-მ თავისი ნათესავის გათავისუფლების სანაცვლოდ 500-ზე მეტი ხმა უნდა მოიპოვოს. ხ.ლ. სოფელ-სოფელ დადის, პირადობის მოწმობის მონაცემებს აგროვებს და ხმებს ითხოვს. ანალოგიური ხდება სხვა სოფლებშიც.

ამ ფაქტს უარყოფს და ტყუილს უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ მექვაბიშვილი.

„მე არ ვიცი, რომელმა ოპოზიციურმა პარტიამ მოიგონა ეს. არანაირ ნარკორეალიზატორებზე არ არის საუბარი. თუ შეწყალება იქნება შესაბამისი კომისიის მიერ, ამის უფლება პრეზიდენტს აქვს. შეწყალებული იქნებიან ის ადამიანები, ვისაც შეწყალება ეკუთვნით. ჩვენ არ გვჭირდება ნარკორეალიზატორებისგან მოცემული ხმები“, - გვითხრა მექვაბიშვილმა.

როგორც ნაცვალაძე ამბობს, პატიმრების თემა საპარლამენტო არჩევნების დროს გურიაში დანერგა და შესანიშნავად განახორციელა გურიის ყოფილმა გუბერნატორმა. ამ მეთოდით მოტყუებული პატიმრის ოჯახის წევრები არჩევნების შემდეგ იმ ადამიანებს ბოდიშს უხდიდნენ, ვინც თავიანთი პატიმრის გამოსაყვანად ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ოზურგეთის კოორდინატორი მარინე სუნგულია ამბობს, რომ მისი პარტიის რამდენიმე წევრი იმიტომ განეიტრალდა, რომ მეზობლის პატიმარ შვილს, ვინც ნარკოტიკების გასაღების გამო იყო დაპატიმრებული, ციხიდან უშვებენ: „როცა ამას აკეთებს საზოგადოება, შეიძლება მერე ოპოზიციასთან პრეტენზია ჰქონდეს? დღეს, საუბედუროდ, ქართველი დედის პოზიციას ვერ ვხედავ. შეიძლება, უსამართლოდ მოხვდა შვილი ციხეში, ბევრიც მიუსაჯეს, მაგრამ ხომ უნდა ეცადონ, რომ მოვიდეს სამართლიანი ხელისუფლება, გაირკვეს სიმართლე და მათი შვილები ღირსეულად გაათავისუფლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არიან დაზღვეულნი, რომ მალე ისევ უკან არ შეაბრუნებენ?!“

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები