ახმეტაში, სოციალურად დაუცველებს, რომლებიც სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საარსებო შემწეობებს იღებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებას ავალდებულებენ.
როგორც „ალიანსი საქართველოსთვის“ ახმეტის საარჩევნო შტაბიდან აცნობეს, 18 მაისს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, რომელიც სახელისუფლებო პარტიის კახეთის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, ჟალურის უბანში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შეხვდა.
„შეხვედრამდე ორი საათით ადრე სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურმა აგენტმა თენგიზ იოსებაშვილმა კარდაკარ ჩამოიარა და სოციალურად დაუცველები გააფრთხილა, შეხვედრაზე მისულიყვნენ“, - აღნიშნეს „ალიანსი საქართველოსთვის“ საარჩევნო შტაბში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში სოციალური აგენტის მონაწილეობის შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის განყოფილებაში კომენტარი არ გააკეთეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი