ცესკომ „რუსთავი 2“ და „იმედი“ დააჯარიმა
18 ივნისი, 2010
„რუსთავი-2“-სა და „იმედს“ ცესკომ 1500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ტელეკომპანიებმა 30 მაისს, თბილისის საკრებულოსა და მერის არჩევნებზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, 20:00 საათზე თავიანთ ეთერში გამოაცხადეს ეგზიტპოლის შედეგები, რითაც უხეშად დაარღვიეს საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 73-ე მუხლის მე-12 პუნქტი.
ტელეკომპანიებმა ინფორმაციის გავრცელებისას, არ მიუთითეს დამკვეთის იურიდიული მისამართი; მაყურებელს არ მიაწოდეს ინფორმაცია, გამოკითხვა ფასიანი იყო თუ უფასო; არ დააზუსტეს გამოკითხვის მეთოდი და გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება.
მითითებული ეგზიტპოლის შედეგებს ტელევიზიები ღამის 3 საათამდე მაყურებელს უჩვენებდნენ ისეთი ფორმით, რომ საერთოდ არ მიუთითეს საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები.
ამ დარღვევის გამო, არასამთავრობო ორგანიზაიათა კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისთვის“ ეგიდით „ჯანმრთელმა სამყარომ“ ცესკოში 2010 წლის 2 ივნისს აღნიშნული ტელეკომპანიების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე, ცესკომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 126-ე (21-ე პრიმა) მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა ტელეკომპანიებს: „რუსთავის 2“-სა და „იმედს“.
„მართალია, 1500-ლარიანი ჯარიმა ამ ტელეკომპანიებისთვის არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია პრეცენდენტი, რომ ისინი დაჯარიმდნენ და ცესკო იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო“, - ამბობს ორგანიზაცია „ჯანმრთელი სამყაროს“ თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე.
ნინო გელაშვილი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023