კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეფრემიძე სკოლის დირექტორს დევნაში ადანაშაულებს

24 ივნისი, 2010
ფოთის მე-5 საჯარო სკოლის პედაგოგი ირინა ეფრემიძე სკოლის დირექტორს, ნანა თოფურიას დევნაში ადანაშაულებს. როგორც ეფრემიძე ამბობს,  უთანხმოება მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მან, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრმა პედაგოგმა, დირექტორობის კანდიდატად წარდგენილ ნანა თოფურიას მხარი არ დაუჭირა. მისივე თქმით, იმ დროისათვის იგი მე-5 საჯარო სკოლაში აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ნანა თოფურიამ კი იგი, დირექტორის არჩევიდან სულ მალე, თანამდებობიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე გაათავისუფლა.

საქმე სასამართლომდეც მივიდა, რომელმაც მოპასუხე მხარეს დააკისრა ირინა ეფრემიძე თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღედგინა. ნანა თოფურიას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად თავი არ შეუწუხებია, ვიდრე საქმეში ფოთის პროკურატურა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ჩაერთო.

ირინა ეფრემიძე მე-5 სკოლაში თანამდებობაზე აღადგინეს. ცოტა ხნის შემდეგ კი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. იგი სკოლაში მხოლოდ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. პარალელურად კი სოციალურ სააგენტოში ბავშვთა ზრუნვის საკითხებს ხელმძღვანელობს.

თუმცა, ირინა ეფრემიძის სამსახურებრივი პრობლემა ამით არ ამოწურულა. როგორც იგი ამბობს, რამდენიმე დღის წინ, დირექტორმა მას საათების შემცირების შესახებ ახალი გადაწყვეტილება გააცნო. ირინა ეფრემიძე ნანა თოფურიას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. თავად თოფურია კომენტარს არ აკეთებს. მისი მოადგილის გია ლომიას თქმით კი, საათების შემცირება სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა დიდმა რაოდენობამ განაპირობა და სხვანაირად საათების გადანაწილება უბრალოდ ვერ ხერხდებოდა. ეფრემიძეს ამ არგუმენტების არ სჯერა და პოზიციების დათმობას არ აპირებს.

ინგა გვასალია, სამეგრელო

ახალი ამბები