კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოზურგეთის სამშობიარო სახლის ფანჯრიდან ქალი გადმოხტა

1 ივლისი, 2010
ოზურგეთის სამშობიარო სახლიდან 37 წლის ქალი გადმოხტა და დაიღუპა, მანამდე კი მას პოლიციის თანამშრომლები იცავდნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში მცხოვრები ორი შვილის დედა ერთი კვირის წინ ოზურგეთის სამშობიარო სახლში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

როგორც სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი, დავით მდინარაძე ამბობს, მას ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა. მართალია, ის და მისი ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ეს იყო ფიბრომული სისხლდენა, მაგრამ მედიცინის მუშაკები მაშინვე მიხვდნენ, რომ ქალი ნამშობიარევი იყო.

მისივე თქმით, ექიმები დაჟინებით თხოვდნენ ჭირისუფალს, გარდაცვლილი იქნებოდა თუ ცოცხალი, ახალშობილი ბავშვი საავადმყოფოში მოეყვანათ. უარის მიღების შემდეგ, ექიმები იძულებულნი გახდნენ, პოლიციისთვის დაერეკათ. პოლიციამაც გარდაცვლილის ოჯახში მამრობითი სქესის ახალშობილის გვამი აღმოაჩინა.

საავადმყოფოში მიყვანილ ქალს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ექიმი მდინარაძე ამბობს, წუთებიც რომ დაგვიანებოდა, მას ვერ გადაარჩენდნენ. მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. პირველივე დღიდან მწოლიარეს პოლიციელი იცავდა და 28 ივნისს უკვე უნდა გაეწერათ. თუმცა 27 ივნისს, იგი შენობის ფანჯრიდან გადმოხტა.

როგორც ირკვევა, იმ დღეს მასთან პოლიციის თანამშრომლები არ ყოფილან, მომვლელ ქალს კი პაციენტმა საპირფარეშოში შესვლა სთხოვა. ოთახიდან გასვლისთანავე პირველივე ფანჯარას მივარდა და გადახტა. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა მალევე დაიღუპა.

„ყოველწამს ვუსმენდით ფილტვებს, ექოსკოპიაც გავაკეთეთ, თუმცა მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. ხანდახან ჰქონდა შეგრძნებები, მაგრამ მალე გადავიდა უგონო მდგომარეობაში და გარდაიცვალა“, - ამბობს ექიმი ქეთევან მალაზონია.

მომხდარზე შსს გურიის სამხარეო პოლიციის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. როგორც ექიმი დათო მდინარაძე ამბობს, მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ქალბატონისთვის სიცოცხლე ეჩუქებინათ. იგი საკმაოდ გამოჯანმრთელებული იყო, სიარულიც შეძლო, ჩვეულებრივ ურთიერთობდა მედპერსონალთან, მაგრამ ყველაფერი შემზარავად დასრულდა.

როგორც ამბობენ, ქალბატონი მოსალოდნელი პასუხისგების შიშმა აიტანა.  

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები