ვითარებაში გასარკვევად დევნილებმა თელავის გამგეობას და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. იძულებით გადაადგილებული პირების თქმით, ჩინოვნიკებმა მათთან შეხვედრაზე უარი თქვეს.
"როგორც ვიცით, სასტუმროს შენობა ორჯერ გაიყიდა. პირველად, ძალიან იაფად, ანდრონიკაშვილებმა იყიდეს, ხოლო შემდეგ კომპანია "ცენტრ-პოინტის" წარმომადგენელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა. ამ კომპანიის სახელით ამჟამად ვინმე ნინო ჯიჯეიშვილი საუბრობს. დღეს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მას განცხადება შეუტანია თელავის რაიონის პოლიციაში, სადაც აღნიშნავს, რომ ჩვენ ვახდენთ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფას და უკანონოდ ვიმყოფებით ამ შენობაში. სასტუმროში ჩვენ თვითნებურად არ შევჭრილვართ. აქ 1992 წელს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შემოგვასახლა. ჩვენთვის ინვესტორს თუ შენობის ახალ მეპატრონეს არ მოუმართავს და არ უთქვამს შენობა დაგვეცალა.
დაახლოებით ერთი თვის წინ, თელავის გამგებელი გაგა ციგროშვილი იყო მოსული თანმხლებ პირებთან ერთად. ის პირდაპირ დაგვემუქრა, რომ თუ შენობას არ დავტოვებთ, სპეცრაზმს მოგვისევს და ძალით გაგვყრიან. შევედავეთ და იცით, რა გვითხრა? "რა გახდით ბოლოს და ბოლოს, ფეხებზე მკიდიხართო" და ზედ მოგვაფურთხა. მიუხედავად ასეთი შეურაცხყოფისა, გამგეობაში მაინც მივედით, მაგრამ არავინ მიგვიღო. რამდენჯერაც მივაკითხეთ, კახეთის გუბერნატორიც იმდენჯერ დაგვემალა. შენობის დაცლას არ ვაპირებთ, რადგან წასასვლელი არსად გვაქვს"- ერთსა და იმავეს აცხადებენ ნაირა უგრეხელიძე, ბესიკ მაისურაძე, მურად დადვანი და სხვები.