კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ განცხადება გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტზე ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობის თაობაზე

2 დეკემბერი, 2009

„უფლებადაცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელის“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“  წევრი ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან  საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის არ სამმართველოს  მიერ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელ თედო ჯორბენაძეზე ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობის გამო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს როგორც უკანასკნელი შემთხვევა, ასევე გაზეთ „ბათუმელების“ კორესპონდენტებზე აქამდე განხორციელებული ზეწოლის ყველა ფაქტი. ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტების უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

გაზეთ „ბათუმელების“ ინფორმაციით, 25 ნოემბრის საღამოს ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი თედო ჯორბენაძე დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის შენობაში. ადგილზე მისვლისას სამართალდამცველებმა აჩვენეს საცვლებიანი მამაკაცების შავ-თეთრი ფოტოები. ჯორბენაძეს განუცხადეს, რომ სურათებზე ერთ-ერთი მამაკაცი თვითონ იყო. თუმცა, თედო ჯორბენაძემ ფოტოებზე საკუთარი თავი ვერ ამოიცნო. მას ასევე უთხრეს, რომ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები, კერძოდ - რუსეთისა და თურქეთის სპეცსამსახურები, დაინტერესებულნი იყვნენ გაზეთ „ბათუმელების“ საქმიანობით და ვინაიდან ჯორბენაძე გაზეთში წამყვან პოზიციაზე მუშაობდა, მას ქართველ სამართალდამცავებთან უნდა ეთანამშრომლა. ჯორბენაძემ მათ თანამშრომლობაზე უარი განუცხადა, რის შემდეგაც სოდის თანამშრომლებმა დაიწყეს მისი დაშანტაჟება საქართველოში სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით არსებული სტიგმის გამოყენებით. მათ ჟურნალისტს განუცხადეს, რომ მათ აქვთ ვიდეომასალები და თუ მათთან არ ითანამშრომლებდა, ამ მასალებს გაუგზავნიდნენ მის მშობლებს, თანამშრომლებს და ატვირთავდნენ ინტერნეტში.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებს ემუქრებიან. 2008 წლის ივნისში გაზეთის ერთ-ერთ ჟურნალისტს მოკვლით დაემუქრნენ.

გაზეთის მთავარი რედაქტორის ეთერ თურაძის განცხადებით, უცნობები მის მანქანას აედევნენ გვიან ღამით მემედ აბაშიძის გამზირზე ამ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე. გაზეთის რედაქციამ აღნიშნულის შესახებ აცნობა აჭარის პროკურატურას.

2009 წლის 23 იანვარს, სოდის თანამშრომლებმა მოკლე დროით შეუზღუდეს თავისუფლება გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს ნათია როყვას, რადგან მან უარი თქვა, აპარატიდან წაეშალა ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილი იყო ბათუმის  ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაცია. გაზეთმა „ბათუმელებმა“ აჭარის პროკურატურას ამ ინციდენტის გამოძიების მოთხოვნითაც მიმართა. თუმცა, პროკურორის განცხადებით,  „დადგენილია, რომ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტის, ნათია როყვას მიმართ მისი ნების საწინააღმდეგოდ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არ არსებობს წინასწარი გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი“. 

გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებზე ზეწოლის არც ერთი სხვა ფაქტი აქამდე არ გამოძიებულა.

გაზეთ „ბათუმელების“ გამომცემლის, მზია ამაღლობელის განცხადებით, თედო ჯორბენაძემ უკვე მიმართა აჭარის პროკურატურას ინციდენტზე გამოძიების დაწყების თხოვნით.

„ბათუმელები“ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამოდის 2001 წლიდან; „ბათუმელები“ მუშაობს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორისაა - ადამიანის უფლებები, განათლება, ეკონომიკა, კონფლიქტები და საზოგადოებისათვის საინტერესო სხვა  თემები.  გაზეთი ცნობილია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე თავისი ობიექტურობითა და პროფესიონალიზმით. გაზეთ „ბათუმელებს“ მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის - ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ (Institusjonen Fritt Ord), და გერმანული ფონდის, „ცაიტის“ (ZEIT Foundation) „პრესის პრიზი რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის 2008“; ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრიზი – „პრესის თავისუფლების ჯილდო – სიგნალი ევროპას“.

მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის აზრით, ბათუმში მომხდარი ინციდენტი ერთ რამეზე მიანიშნებს: „დღეს ხელისუფლებას ყველაზე მეტად აშინებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხის ამაღლებას, დამოუკიდებელი მედიის განვითარებას. ხელისუფლება „ბათუმელებზე“ ზემოქმედებას დიდხანს ცდილობდა, მაგრამ ვერც რედაქციაში შეაღწია და ვერც მის მენეჯმენტს შეეხო. ახლა კი დაიწყეს მორალური ფორმით ზემოქმედება გაზეთზე“.

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“  და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“  შეახსენებს მთავრობას, რომ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა სისხლის სამართლის დანაშაულია. ხოლო ადამიანის პირადი ცხოვრება, პატივი და ღირსება დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და მრავალი საერთაშორისო დოკუმენტით, რომელთა მონაწილე მხარეა საქართველო.

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“  გამოხატავს შეშფოთებას ინციდენტის გამო და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას:

• უზრუნველყოს „ბათუმელების“ ჟურნალისტებზე ზეწოლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა;

• ზეწოლის სავარაუდო ფაქტები დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული;

• ჟურნალისტთა უფლებების დამრღვევები დაისაჯონ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმოს „ბათუმელების“ - ამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების საქმიანობაში ჩარევის მცდელობა.

მიმართვას ხელს აწერენ:

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRIDC);
„კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“;
„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ (AVNG);
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“;
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“;
„მრავალეროვანი საქართველო“;
„ფონდი ინკლუზივი“;
„საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“;
სტუდია „რეპორტიორი“;
„კონფლიქტებისა და ადამიანის უფლებების კავკასიური ცენტრი“;

და „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ წევრი ორგანიზაციები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ახალი ამბები