კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ 30 წევრი არასამთავრობო ორგანიზაციის სპეციალური მიმართვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

10 დეკემბერი, 2009

2009 წლის 10 დეკემბერი

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს - 10 დეკემბერს, „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ წევრები  თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებს აღნიშნავენ.

სამხრეთ კავკასია კვლავ რჩება მსოფლიოს იმ ნაწილად, სადაც სხვათა უფლებებისა და სიცოცხლის დამცველები ხშირად საკუთარი წარმატების მსხვერპლნი არიან - ადამიანის უფლებებისთვის არაძალადობრივი მუშაობის პასუხად, ისინი სახელმწიფოს მხრიდან ხშირად  განიცდიან სხვადასხვა ფორმის ძალადობასა და რეპრესიებს.

2009 წელს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, წინა წლების მსგავსად, კვლავ ხდებოდა უფლებადამცველების, ისევე როგორც ამ ქვეყნების სხვა მოქალაქეების მიმართ მუქარის, წამების, არასათანადო მოპყრობის, უკანონო დაპატირებისა და დაკავების ფაქტები. ასევე უფლებადამცველებისა და სხვა მოქალაქეების მიმართ იმართებოდა ცილისწამების კამპანიები და ხდებოდა მათი სხვა ფორმებით შევიწროება. უფრო მეტიც, ასეთი სახის ძალადობა ფართოდ არის გავრცელებული.

2009 წელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავრობები, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებით, ცდილობდნენ, შეეზღუდათ უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა და გაემკაცრებინათ მათი კონტროლი, რასაც გარკვეულწილად, ახერხებდნენ კიდეც.

აზერბაიჯანი   

ივლისში კანონში „არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ“ სერიოზული ცვლილებები იყო ინიცირებული. საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლით მთავრობამ ვერ შეძლო კანონში ყველა ცვლილების შეტანა თავდაპირველი სახით. თუმცა, მაინც იქნა მიღებული ზოგიერთი ისეთი ცვლილება, რომელიც ზღუდავს და ართულებს არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნისა და მუშაობის პროცესს. 

მაგალითად, კანონის ამჟამინდელი რედაქციით, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია არ წარადგენს ფინანსურ ანგარიშს ყოველი წლის არაუგვიანეს 1 აპრილისა და ამ ვადის გადაცილების შემთხვევაში, აღმასრულებელი ორგანოდან ოფიციალური შეტყობინების მიღების შემდეგაც არ წარადგენს ანგარიშს, არასამთავრობო ორგანიზაციას დაეკისრება პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. ანგარიშის ფორმას, ტექსტს და ანგარიშის განსაზღვრულ ვადაში წარდგენის წესებს განსაზღვრავს შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო.

საქართველო

ახალი კანონები იქნა მიღებული საქართველოში, რითაც შეიზღუდა ადამიანის უფლებები, კერძოდ: 1) მიღებული იქნა ცვლილებები „კანონში შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“, რომელიც უფლებას აძლევს სახელმწიფოს, ჩაერიოს მშვიდობიან შეკრებებსა და მანიფესტაციებში მაშინ, როცა არ ექმნება საფრთხე სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს და/ან არ არის სხვა უფრო მაღალი ღირებულების საზოგადოებრივი სიკეთის დაცვის საჭიროება. 2) გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 30-დან 90 დღემდე. ადმინისტრაციული პატიმრობის მიზეზი შეიძლება გახდეს, მათ შორის, მცირე ხულიგნობის ფაქტი, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს, რაც ძალის ბოროტად გამოყენების საშუალებას იძლევა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების გასაჩუმებლად.
ასევე შეშფოთებას იწვევს პოლიციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები და პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის „პატრიოტის აქტის“ მსგავსია. თუ ამ ცვლილებებს არსებული სახით მიიღებენ, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მნიშვნელოვნად შეიზღუდება სამოქალაქო თავისუფლებები. 

სომხეთი

სომხეთის პარლამენტში ამჟამად განიხილება საკანომდებლო ცვლილებები, რომლებიც მკაცრ სამთავრობო კონტროლს ამყარებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ცვლილებების თანახმად, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა გამართოს გენერალური ასამბლეები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ. ისინი ვალდებულები არიან, წარუდგინონ 11-პუნქტიანი მოხსენება, ფინანსურის ჩათვლით, იუსტიციის სამინისტროს და საგადასახადო სამსახურს ყოველწლიურად. მათ უნდა გასცენ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და ყველა თანამშრომლის შესახებ და ა.შ.

ეს ფაქტები კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებზე თავდასხმების შედეგები არ რჩება ერთი რომელიმე ქვეყნის ფარგლებში და განსაკუთრებით რეგიონალურ კონტექსტში.

საშიში ტენდენცია იკრებს ძალას სამივე ქვეყანაში - მსხვერპლი წარმოჩენილია კრიმინალად. მეორე მხრივ, ისჯება ის, ვინც ააშკარავებს ძალადობას და პასუხს არ აგებენ პირები, ვინც სჩადის დანაშაულს.

ამ ტენდენციას ასახავს რამდენიმე მაგალითი:

სომხეთში ადამიანის უფლებათა დამცველ მარიამ სუხუდიანს ბრალი დასდეს ცრუ ბრალდებისთვის და მოგვიანებით ცილისწამებისთვის მისი ვიდეოჩანაწერის გამო, რომელიც ააშკარავებდა სომხეთის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს ბავშვებთან სექსუალურ ძალადობაში.

აზერბაიჯანში გამოჩენილ უფლებადამცველს და  „იურიდიული განათლების საზოგადოების“ თავმჯდომარეს ინტიგამ ალიევსა და ამ საზოგადოების ადვოკატს ნურლანა ალიევას ემუქრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და პატიმრობა სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების არშესრულების გამო. სასამართლომ მათ დააკისრა მნიშვნელოვანი ჯარიმა და უბრძანა, გამოექვეყნებინათ ბოდიში მოსამართლის პატივისა და ღირსების შელახვის გამო. საქმე ეხება მათ ანგარიშს, სადაც გაანალიზებულია კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მოსამართლეების დისციპლინურ პასუხისმგებლობას და ამ კანონმდებლობის განხორციელების პრაქტიკას. მოხსენებაში განსაკუთრებით ხაზგასმული იყო სასამართლოში არსებული ნაკლოვანებები, მათ შორის,  მიუკერძოებლობისა და დისკრიმინაციის ფაქტები.

საქართველოში დაჩი ცაგურია, ჯაბა ჯიშკარიანი და ირაკლი კორძაია - მოძრაობა „7 ნოემბერის“ აქტივისტები დააკავეს 23 ნოემბერს. იმავე დღეს ადმინისტრაციულმა სასამართლომ ისინი დააჯარიმა საქართველოს პარლამენტის შენობიდან 25-30 მეტრის მოშორებით აქციის გამართვისთვის მაშინ,  როცა „კანონი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კრძალავს აქციის ჩატარებას ადმინისტრაციული შენობიდან მხოლოდ ოცი მეტრის რადიუსში. ახალგაზრდა აქტივისტები პარლამენტის წინ ტროტუარის საფეხურზე ისხდნენ. მათ ხელში ეკავათ პოლიციელების მიერ მოკლული ამირან რობაქიძისა და სანდრო გვირგვლიანის სურათები და პოსტერი წარწერით: „საზოგადოებრივი ტელევიზია ხალხს!“

სიტუაცია სამივე ქვეყანაში კვლავ კრიტიკულია სიტყვისა და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით - ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება აზერბაიჯანში. სომხეთსა და საქართველოში არ არის გამჭვირვალე მედიის მფლობელების ვინაობა და ხორციელდება მთავრობის ცენზურა მედიაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლობების ჩათვლით, რაც ქმნის სერიოზულ პრობლემებს დემოკრატიის განვითარებისთვის.  

აზერბაიჯანში ამჟამად 5 ჟურნალისტი და 2 ბლოგერი იმყოფება გისოსებს მიღმა სხვადასხვა ბრალდებით, რომლებიც უკავშირდება მათ მოღვაწეობას. ამჟამად საკმაოდ კრიტიკულია გაზეთ „ბიზიმ იოლ“-ის კორესპონდენტის მუშფიგ ჰუსეინოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას აქვს ტუბერკულოზი, მაგრამ ხელისუფლება  არ უზრუნველყოფს მის სათანადო მკურნალობას.

ჟურნალისტები ხშირად განიცდიან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგრამ, როგორც წესი, დამნაშავეები დაუსჯელები რჩებიან.

ზემოთაღნიშნული საქმეები და ტენდენციები მიანიშნებენ, რომ სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემებია. საკმაოდ გრძელია იმ პრობლემების სია, რომელიც უარყოფითად მოქმედებს როგორც უფლებადამცველებზე, ასევე უბრალო მოქალაქეებზე.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით უფლებადამცველთა როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, ამ ქვეყნებში არსებული გარემო უფლებადამცველებს რისკის ქვეშ აყენებს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს უფლებადამცველთა დაცვას და მათი მუშაობის ხელშეწყობას სამხრეთ კავკასიაში, ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს უფლებადამცველთა მიერ ადამიანის უფლებებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემების დაძლევას კონკრეტული მოქმდებით და დროული ზომებით. 

ვიხსენებთ რა, ბოლო წლების მსოფლიო გამოცდილების, რომელიც გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივნმა კოფი ანანმა ასე ჩამოაყალიბა - „როდესაც უფლებადამცველების უფლებები ირღვევა, ყველა ჩვენთაგანის უფლებები საფრთხეშია და ჩვენ ნაკლებად დაცულები ვართ“ , ქსელის 30 წევრი ორგანიზაცია მოუწოდებს:


გაეროს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს:

• გაზარდონ მათი მხარდაჭერა და წვლილი უფლებადამცველების დაცვის საქმეში,  ჩაერიონ უფლებათა დარღვევის ცალკეულ საქმეებში, რომლებზეც საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და ამისათვის გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა ინსტრუმენტი და საშუალება;
• მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა მთავრობებმა, ევროკავშირის მისიებმა და სხვა შესაბამისმა ორგანიზაციებმა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც, ეფექტურად განახორციელონ გაეროს და ევროსაბჭოს დეკლარაციები და ევროკავშირის სახელმძღვანელო მასალები („გაიდლაინები“), რომლებიც ეხება უფლებადამცველებს;
• გააგრძელონ გაეროს უმაღლესი კომისრის, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის და გაეროს უფლებადამცველთა სპეციალური წარმომადგენლის ოფისებისადმი პოლიტიკური მხარდაჭერა, შეაფასონ მათი მუშაობა და უზრუნველყონ ისინი საჭირო რესურსებით;
• განიხილონ უფლებადამცველებისთვის და მათი ოჯახებისთვის სპეციალური ფონდების შექმნის მიზნით ფინანსური დახმარების გამოყოფის შესაძლებლობები; ასევე უკვე არსებული ორგანიზაციებისა და პროგრამებისათვის მსგავსი დახმარების გაწევაც.

ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს:

• მიიღონ შესაბამისი ზომები, ზოგადად უფლებადამცველების მხარდასაჭერად დასახმარებლად, განსაკუთრებით სარისკო სიტუაციებში:
- მიიღონ ზომები, რათა შემოიღონ ჰუმანიტარული სავიზო სქემები ან საგანგებო ვიზები რისკის ქვეშ მყოფი უფლებადამცველებისთვის და მათი ოჯახის წევრებისათვის;
- მიიღონ სხვა საჭირო ზომები მუდმივი დევნის შედეგად საფრთხის ქვეშ მყოფი ან გასაჭირში მყოფი უფლებადამცველების დასახმარებლად, რათა ისინი გადავიდნენ მესამე ქვეყანაში;
- დააკვირდნენ უფლებადამცველების საქმეებზე ჩატარებულ სასამართლო პროცესებს;

• განიხილონ უფლებადამცველებისთვის და მათი ოჯახებისთვის სპეციალური ფონდების შექმნისთვის ფინანსური დახმარების შესაძლებლობა, ასევე სხვა მსგავსი პროგრამებისთვის ფინანსური დახმარებაც;
• განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ ვალდებულებებს, რომლებსაც უფლებადამცველების შესახებ ევროკავშირის გაიდლაინები მათ აკისრებს ქვეყნებთან დაკავშირებული სტრატეგიების შექმნისა და განხორციელების დროს.

საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს:

• განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმას, რომ უფლებადამცეველებს სჭირდებათ უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო, რათა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის სფეროში განხორციელდეს სერიოზული ცვლილებები;
• სამოქმედო ქვეყნებში ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის დროს ჩართონ რაც შეიძლება მეტი უფლებადამცველი;
• განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ უფლებადამცველებისა და მათი ოჯახებისათვის სპეციალური ფონდების შექმნისთვის ფინანსურ დახმარების გამოყოფას, ასევე სხვა მსგავსი პროგრამების ფინანსურ დახმარებასაც.

ახალი ამბები