კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ განცხადება - როგორ გვილოცავს საქართველოს სახელმწიფო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს

14 დეკემბერი, 2009

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ადამიანის უფლებათა დაცვის დღე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის „გამოვლენითა და გამოაშკარავებით“ აღნიშნა.

10 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის 20:00-საათიანი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი მთავარი თემა დაეთმო სრულიად საქართველოს საზოგადოების გაფრთხილებას, თუ როგორ არ უნდა მიენდონ, როგორ უნდა „ამხილონ“ უფლებადამცველები, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“.

10 დეკემბრის სიუჟეტში საუბარი იყო, როგორ სთავაზობს „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ ერგნეთის მოსახლეობას „კაბალურ“ ხელშეკრულებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასასაჩივრებელ საქმესთან დაკავშირებით და როგორ „სძალავს“ მათ 100 000 ევროს იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული გადაწყვეტს, უარი თქვას სარჩელზე.

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ აცხადებს, რომ ორგანიზაციის „არაპროფესიული, გამომძალველური და კაბალური პირობების შესახებ“ საქართველოს საზოგადოებამ 10 დეკემბერს ფართოდ გაშუქებული ვრცელი სიუჟეტით, კომენტარებითა და შემაშფოთებელი ინტონაციით, მიიღო „სწავლება და წვრთნა“ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, რომ ერთის მხრივ, არ ენდონ, და არ სთხოვონ უფლებადამცველებს მათი უფლებების დაცვა. მეორეს მხრივ, თუკი ასეთი მომენტი დადგება, მყისიერად „ითანამშრომლონ“ სახელმწიფოსთან, რადგანაც არამც და არამც არ მივიდეს საქმე იქამდე, რომ ვინმემ გულში მაინც გაივლოს საქართველოს დღევანდელი მთავრობის წიანაღმდეგ სასამართლო საქმის აღძვრა აგვისტოს ომთან დაკავშირებით“.

ჩვენ - „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ უფლებადამცველები, „მადლობას ვუხდით“ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მის „სარწმუნო წყაროებს“ და გაშუქებელი თემის დამკვეთს, რომელთაც „ზედმიწევნით კარგად“ აქვთ გაცნობიერებული, თუ რას ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში და რას ნიშნავს ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევა.

საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახით ამგვარად პირველად აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის დღის მნიშვნელობა და მოსახლეობას ჩაუტარა „საგანმანათლებლო კურსი“, ვინ არის საქართველოს მტერი – მთავრობის წინააღმდეგ მომჩივანი, უფლებადამცველი, თუ ორივე ერთად. 

სიუჟეტის მთელი შინაარსი და მისი სულისკვეთება ჩვენთვის ცნობილი გახდა იმ მომენტიდანვე, როდესაც ჩვენთან ოფისში დარეკა სიუჟეტის ავტორმა ქეთი ბოჯგუამ და იკითხა: „თქვენ ხომ ის ორგანიზაცია ხართ, რომელიც თურმე რაღაც საქმეებს აწარმოებს საქართველოს მთავრობის წიანაღმდეგ?“ ამ წინასწარმა განწყობამ გვაფიქრებინა, რომ ინტერვიუს აღების პროცესი ჩვენ პარალელურად სრულად ჩაგვეწერა, რათა ცხადი ყოფილიყო, რა ითქვა და რა „გაკეთდა“ შემდეგ I არხის სამონტაჟოში. ჩვენ არაპროფესიული კამერით გადავიღეთ ორგანიზაციის ხელმძღვანელ ლია მუხაშავრიასთან ჩაწერილი სრული ინტერვიუ, რომელსაც I არხის „მაღალპროფესულად“ „გაკეთებულ“ სიუჟეტთან ერთად უახლოეს პერიოდში გვერდიგვერდ განვათავსებთ „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ვებ-გვერდზე.

გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ, მოგვწეროთ თქვენი მოსაზრებები, გამოხატოთ პოზიცია, რათა ერთად დავიცვათ ადამიანის უფლებათა დამცველები.

11 დეკემბერი, 2009 წელი თბილისი, საქართველო;
„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური,
საკონტაქტო ტელეფონი: 988 695
hrp.georgiapress@yahoo.com,
www.hrp.ge

ახალი ამბები