კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის „უმრავლესობის“ წევრების მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ.

ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას „ადმინისტრაციულ კოდექსში“, „მანიფესტაციისა და შეკრებების შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ კანონებში.

კანონპროექტების ცვლილებების პაკეტით უნდა შეიცვალოს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ერთიდან სამ თვემდე რაც აბსოლუტურად მიუღებელი ინიციატივაა. მაშინ როცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წინასწარი პატიმრობის ვადა ორ თვეს შეადგენს, არ შეიძლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადად სამი თვე განისაზღვროს, რადგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა თავის თავში გულისხმობს უფრო მსუბუქი ხასიათის ქმედებას.

გარდა ამისა მიუღებელია ინიციატივა „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ, რომელიც ძალოვნებს მანიფესტანტების წინააღდეგ არალეტალური იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს. ქართველ ძალოვნებს მანიფესტანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები არაერთხელ გამოუყენებიათ აქამდე როცა კანონით ეს იკრძალებოდა [2007 წლის 7 ნოემბერი, 2009 წლის 6 მაისი], მიუხედავად ამისა, არც ერთი დამნაშავე ამ კანონდარღვევისთვის დასჯილი არ არის. საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგენს ხელისუფლების მცდელობას, როგორმე გაამართლოს ის კანონდარღვევები, რომელიც მან მანიფესტანტების წინააღმდეგ ჩაიდინა, თუმცა კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს და ასეთი ცვლილებები ვერაფრით გაამართლებს იმ დამნაშავეებს, რომლებმაც ამგვარი იარაღის შეძენაზე და გამოყენებაზე გასცეს ბრძანება. ხელისუფლება ამ ცვლილებით ნათელყოფს მის სურვილს, სწორედ ასე, რეზინის, პლასტიკის და სხვა ტყვიებით გაუსწორდეს მისთვის მიუღებელ პოზიციაზე მდგომ ადამიანებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების დაკანონება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებისკენ, რაც თავისთავად გამოიწვევს საქართველოში დემოკრატიის ხარისხის კლებას, რისი სამწუხარო ტენდენციაც უკვე აღინიშნა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებსა და ანგარიშებში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ კანონის გამკაცრება არ იწვევს სამართალდარღვევების რაოდენობის შემცირებას, უფრო მეტიც ამ კანონების გამკაცრება არ გამოიწვევს უკმაყოფილო ადამიანების რიცხვის კლებას. შესაბამისად, გაიზრდება განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვისთვის დაკავებულ ადამიანთა რიცხვი, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსაც, უფრო გაბედულად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რათა არ მოხდეს მათთვის კანონის ძალის მინიჭება.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი"