კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაისაიას მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება

მაისაიას მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საერთაშორისო ორგანიზაციებს მაისაიას მდგომარეობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” გაცნობებთ, რომ 2009 წლის 5 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ იქნა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია.

ჩვენი ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ ვახტანგ მაისაიას მიმართ მთელი ამ დროის მანძილზე ხორციელდება, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე მორალური ზეწოლა. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ვახტანგ მაისაიამ ხელი მოაწერა ე.წ. აღიარებით ჩვენებას, რის შედეგადაც კიდევ ორი პიროვნება: ირაკლი ბატკუაშვილი და ბესიკ ობოლაძე დააკავეს.

საქართველოს ყოფილი სამხედრო ატაშე ნატო-ში, ირაკლი ბატკუაშვილი საიდუმლო ოპერატიული ინფორმაციის გაცემის ბრალდებით, ხოლო ნატოს ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტის ყოფილი ექსპერტი - ბესიკ ობოლაძე წაქეზების ბრალდებით დააკავეს.

ვახტანგ მაისაიას ადვოკატმა საგამოძიებო სამსახურს წერილობით მიმართა და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა, ის ითხოვდა, რომ მაისაიას დაკითხვა მხოლოდ ადვოკატის თანდასწრებით მომხდარიყო. ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ადვოკატი ირწმუნება, რომ მაისაიას დაკითხვა, ძირითადად საღამოობით, არასამუშაო საათებში წარმოებს და ამ დაკითხვებს ადვოკატი არ ესწრება. მისი ინფორმაციით მაისაიას აიძულებენ პირველი ჩვენების დადასტურებას და მისგან გამოძიებასთან თანამშრომლობას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, მაისაიას ადვოკატს დღემდე არ მიეცა უფლება, გაცნობოდა საქმის მასალებს. გამომძიებლების მიერ დასახელებული სხვადასხვა მიზეზების გამო, ადვოკატ ნათია კორკოტაძისთვის საგამოძიებო საქმეში არსებული მასალები დღემდე უცნობია, რაც თავის მხრივ, დაცვის მხარეს საგამოძიებო ჯგუფის მიერ მოპოვებული მამხილებელი საბუთების დაუშვებლად ცნობის შესაძლებლობას უსპობს.

ვახტანგ მაისაიას განცხადებით, არასამუშაო საათებში მის დაკითხვას, ბოლოს 6 ივლისს ჰქონდა ადგილი; “კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოადგილემ ოთარმა (გვარი არ ვიცი) და მეორე პირმა, რომლის ვინაობაც არ ვიცი, ბატონ თამაზ მელაძის კაბინეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ე.წ. “სათათბირო ოთახში” შემიყვანეს და ჩვენ შორის შედგა შემდეგი საუბარი. ოთარიმ მითხრა, რომ მე ძალიან ცუდად ვიქცევი და ვწერ რაღაც განცხადებებს, რომელიც ჩემთვის ძალიან ცუდად დასრულდება ანუ 20 წლის პატიმრობა ეგრევე მქონდა “აკიდებული” და ისიც საეჭვოა, 20 წლის განმავლობაში თუ ვიცოცხლებდი ციხესა და კოლონიაში... და რომ მე მექნება ნამდვილი ჯოჯოხეთი და რომ თავის მოკვლა მექნება სანატრელი... ამის შემდეგ მან მომცა ვადა 2-3 დღე, რათა გამეგრძელებინა ე.წ. “ძველი თანამშრომლობა”. მან ასევე აღნიშნა, რომ ობოლაძეს, ბატუკაშვილს და ჯანაშიას ისედაც არ გაუშვებდნენ ციხიდან და რომ მე ჩემ თავს დავღუპავდი და მათაც... მე საბოლოოდ უარი ვუთხარი მათ რაიმე ფორმით შემდგომ თანამშრომლობაზე” – წერს ვახტანგ მაისაია ადვოკატის მიერ მოპოვებულ გამოკითხვის ოქმში.

მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესდეთ ვახტანგ მაისაიას საქმით და გამოითხოვოთ ინფორმაცია მის შესახებ. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, შესაძლებელი გახდება მიმდინარე გამოძიების ობიექტურად წარმართვა. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მაისაიას დაკითხვა ადვოკატის თანდასწრების გარეშე და მიეცეს საშუალება ადვოკატს, გაეცნოს საქმის მასალებს.