კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ის, რაც ხდება, პედაგოგის დისკრიმინაციაა და სხვა არაფერი“

27 ივლისი, 2010

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„არ შეიძლება ადამიანი და, მით უფრო - მასწავლებელი, მუდმივად შიშის ქვეშ ცხოვრობდეს. აი, ესაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ სასერთიფიკაციო გამოცდაზე მოვედი. სამარცხვინო ფაქტია, რომ პედაგოგს (თანაც ასეთი დაძაბული სასწავლო წლის შემდეგ) იმის მაგივრად, უკეთეს სამუშაო პირობებს სთავაზობდნენ, გამოცდებზე დაარბენინებენ და ნორმალურად იმასაც კი ვერ უხსნიან, რა საჭიროა ეს ყველაფერი, თუ მას სკოლიდან ისედაც უშვებენ“, - ასეთი განწყობით დატოვა 22 ივლისს ერთ-ერთმა პედაგოგმა ქუთაისის საგამოცდო ცენტრი. მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე პედაგოგთა უმრავლესობა საერთოდ არ გამოცხადდა.

იმისთვის, რომ სამსახური შეინარჩუნოს, სასერთიფიკაციო გამოცდები 2014 წლამდე ყველა პედაგოგმა უნდა ჩააბაროს. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. თუმცა, იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ჩაბარების შემთხვევაში ყველა მათგანი სკოლაში დარჩება. რესურს-ცენტრებმა სამინისტროსგან დირექტივა უკვე მიიღეს - სკოლები ზედმეტი შტატებისგან და მცირესაათიანი პედაგოგებისგან უნდა გათავისუფლდეს.

„ეს ის შემთხვევაა, როცა არ იცი, რა და როგორ უნდა გააკეთო. იმისთვის, რომ ვინმემ არ დაგჩაგროს და არ გითხრას, რომ მასზე ნაკლები კვალიფიკაციის მასწავლებელი ხარ, გამოცდას აბარებ. თუმცა, თუ დასჭირდათ, ამასაც ყურადღებას არ მიაქცევენ და სკოლიდან ისე გაგიშვებენ, ნერვიც არ შეუტოკდებათ. ცუდი ის კი არაა, გამოცდას რომ გვაბარებინებენ, არამედ ის, რომ არ იციან, ამას რატომ აკეთებენ. თუ მაინც თავისი გააქვთ, ჯერ გასაშვები გაეშვათ და ვინც დარჩებოდა, იმათთვის ჩაეტარებინათ ეს გამოცდები. არიან მასწავლებლები, ვინც მცირესაათიანია და მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. არადა, ეს ხალხი გამოცდებს აბარებს. მოკლედ, თავგზა აგვირიეს“, - ამბობს ქუთაისელი პედაგოგი მანანა ჩარკვიანი.

წინასწარი მონაცემებით, სექტემბრიდან საქართველოში 20 ათასამდე მასწავლებელი დარჩება უმუშევარი. ვითარება, რომელიც საჯარო სკოლებში ბოლო დროს შეიქმნა, ამის წინაპირობაა. „მცირესაათიანი და პენსიონერი მასწავლებლები სახლში. სკოლას მხოლოდ 18 საათიანი პედაგოგი სჭირდება“ - დაახლოებით ამ პათოსით საუბრობენ რესურს-ცენტრის ხელმძღვანელები, რომლებიც სამინისტროს დაკვეთას ასრულებენ.

„ეს ხალხი დირექტორებს აყენებს უხერხულ მდგომარეობაში. დირექტორი ვალდებული ხდება, ბრძანება შეასრულოს. უარეს შემთხვევაში სამსახურს გამოემშვიდობება. ძალიან დაძაბული ვითარებაა და ზუსტად ვიცი, რომ სექტემბრიდან ეს დაძაბულობა კიდევ უფრო გამძაფრდება. რეალურად, პედაგოგთა გაშვების პროცესი უკვე დაიწყო. მერე რა, რომ გათავისუფლების ბრძანება ჯერ არ დაწერილა. სექტემბრიდან დაიწერება და შესაბამისად, ბევრი ადამიანიც უმუშევარი დარჩება. თურმე, 18 საათზე ნაკლები პედაგოგს არ უნდა ჰქონდეს. ყველა ასეთი კატეგორია უკვე გადაიხაზა და სიები სამინისტროს გადაეგზავნა,“ - ამბობს  საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლია რატიანი.

პედაგოგთა აზრით, სკოლიდან მათი გაშვების უფლება არც დირექტორს აქვს, არც რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს და მითუფრო, არც მინისტრს: „ეს საკითხი სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს. საქართველოში კი, არ არსებობს მყარი სისტემა, რომელიც პედაგოგის კვალიფიკაციას შეისწავლის და სკოლაში მის დატოვება-არდატოვების საკითხს გადაწყვეტს. ის, რაც ჩვენს სინამდვილეში ხდება, ადამიანის დისკრიმინაციაა და მეტი არაფერი. საბოლოო ჯამში, ეს ყოველივე საჯარო სკოლების მოსპობისკენაა მიმართული. ამ ქვეყანაში საჯარო სკოლა არავის ჭირდება და  სწორედ ამ პროცესებით ნელ-ნელა ძირს უთხრიან მას“.

ქუთაისელი პედაგოგები შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ და მზად არიან, განათლების სამინისტროს ე. წ. სასექტემბრო შეტევას სათანადოდ დაუპირისპირდნენ.

ახალი ამბები