კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სამშობლოდან“ გამოსახლებული დევნილები მოთხოვნას არ ცვლიან

27 ივლისი, 2010

ნინო გელაშვილი

გამომცემლობა „სამშობლოს“ ყოფილი შენობიდან გამოსახლებული დევნილები საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ. ისინი თბილისში საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას მოითხოვენ. შენობაში სულ 300-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. „კონსერვატიული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, მხოლოდ რამდენიმე დევნილმა ოჯახმა მიიღო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შემოთავაზება ზუგდიდის სოფლებში - ფოცხოსა და ორელიში დასახლების შესახებ. დანარჩენები თბილისში ახლობლებთან დროებით არიან შეფარებულები.

დევნილები ამბობენ, რომ ოცი წელია თბილისში ცხოვრობენ, საქმიანობენ და აქვთ გარკვეული შემოსავლის წყარო. სოფლებში კი ამ სეზონზე ვეღარაფერს დათესავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მთელი წელი ლუკმა-პურის გარეშე რჩებიან.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, „სამშობლოს“ ყოფილ შენობაში მყოფი ადამიანების ნაწილი კარგა ხანია, დაკმაყოფილებულია ფულადი კომპენსაციით. თანხის აღების მომენტში მათ მიერ ნაკისრი ვალდებულება ითვალისწინებდა, რომ დევნილებს უნდა გაეთავისუფლებინათ დაკავებული ფართები. მეორე ნაწილი ოჯახებისა კი სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში ფლობს ფართებს და ბინებს, რომლებიც მათი საკუთრებაა და სახელმწიფოს მიერ დაუკანონდათ. რაც შეეხება იქ მყოფ რამდენიმე ოჯახს, რომელთაც ესაჭიროება დაბინავება, მათზე სამინისტრომ იზრუნა და გამოუყო საცხოვრებელი ფართები სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში, რომელიც მათ დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ.

სამინისტროს ინფორმაციას არ ადასტურებენ დევნილები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთიდან დევნილმა მადონა ღონღაძემ განუცხადა, ალტერნატიულ საცხოვრებელს მას ზუგდიდის სოფლებშიც კი არ სთავაზობენ და  რვა თვის ბავშვთან ერთად ქუჩაში რჩება.

გამომცემლობა „სამშობლოს“ ყოფილი შენობიდან დევნილების გამოსახლება 26 ივლისს დილით 06:00 საათზე ძალის გამოყენებით დაიწყო. ისინი მანამდე გააფრთხილეს, რომ ხუთი დღის განმავლობაში დაეტოვებინათ შენობა.

გამოსახლების დროს ადგილზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლები და დევნილები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სამინისტროს თანამშრომლების გამოჩენამ დევნილებში უკმაყოფილება გამოიწვია, რაც სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა. ინცინდენტის დროს დააკავეს მოძრაობა „7 ნოემბრის“ წევრი ჯაბა ჯიშკარიანი. მისი ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ჯიშკარიანი გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობასთან შეესწრო ინციდენტს - დევნილს პოლიციელები სცემდნენ. ჯიშკარიანი დევნილს გამოესარჩლა, რის გამოც მას პოლიციელები თავს დაესხნენ.

მისივე ინფორმაციით, ჯიშკარიანი დაახლოებით 24:00 საათზე, ყოფილი პეროვსკაიას ქუჩის დასაწყისში სასტიკად სცემეს. მას 100-მდე პოლიციელი გამომცემლობა „სამშობლოს“ ყოფილი შენობიდან აედევნა და მაღაზიაში შესულს თავს დაესხნენ, მინები ჩაამტვრიეს და ისე შეაღწიეს მაღაზიაში.

ჯიშკარიანი მთელი ღამის განმავლობაში დიღომში დროებითი მოთავსების #2 იზოლატორში ჰყავდათ მოთავსებული. ნიკოლაიშვილის თქმით, დაკავებულს ხელზე დაზიანებები აღენიშნებოდა და ცემის შედეგად ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული.

ჯაბა ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის შედეგად 27 ივლისს დილით გაათავისუფლეს. მოსამართლემ მას ადმინისტრაციული ჯარიმა - 400 ლარის ოდენობით შეუფარდა.

ახალი ამბები