კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილემ მამიდას ქონება წაართვა

21 ივლისი, 2010

იაგო ყურაშვილი

მიუხედავად გაუქმებული მინდობილობისა, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილემ ქართლოს ყიფიანმა მამიდის სამსართულიანი სახლი თავად გაყიდა, თავადვე იყიდა და 20 ათასი ლარი თავის თავსვე გადაუხადა. თუმცა, ამ თანხიდან მამიდისთვის არაფერი მიუცია. ქართლოს ყიფიანსა და მის მამიდას, ნანი ყიფიანს შორის სასამართლო დავა უკვე სამი წელიწადია გრძელდება.

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნანი ყიფიანმა თელავში სახლის მშენებლობას 20 წელიწადი მოანდომა. იგი მემკვიდრეობით მის ქალიშვილს ანა ახვლედიანს უნდა მიეღო. ანა დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.

2007 წელს ქართლოსის მამა, ზურაბ ყიფიანი გარდაიცვალა. ძმის გარდაცვალების გამო, ნერვიულობის ნიადაგზე, ნანი ყიფიანს ინსულტი დაემართა და მან რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა. საავადმყოფოდან გამოსვლისთანავე ძმისშვილმა მასთან სახლში ნოტარიუსი მაია ბრეგვაძე მიიყვანა. ნოტარიუსის მიერ ქონების განკარგვის თაობაზე მინდობილების ტექსტს მხოლოდ ნანის ხელმოწერაღა აკლდა. მამიდამ, რომელმაც ინსულტის გადატანის შემდეგ მეტყველების და გადაადგილების უნარი დაკარგა, მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ, დოკუმენტს ხელი მოაწერა. „წამლის ფულიც კი არ მქონდა. მინდობილობას ხელი მოვაწერე და მას გადაეცა ჩემი ქონების მართვის უფლება“, - ამბობს ნანი ყიფიანი.

მისი ძმისშვილი ამჟამად საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილეა. მინდობილობის აქტი 2007 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა.
პირველად ქართლოს ყიფიანმა მამიდის ქონებიდან შპს „კომპიუტერში“ (ყოფილი მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს გამოთვლითი ცენტრი) მისი 5-პროცენტიანი წილი გაყიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქართლოს ყიფიანმა შპს „კომპიუტერში“ 25%-იანი წილი 140 000 ლარად გაყიდა. აქედან 20% მან მემკვიდრეობით მამის ქონებიდან მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო. ხოლო 5%, რომელიც 35 000 ლარს შეადგენდა, ნანი ყიფიანს ეკუთვნოდა. „როდესაც ქართლოსს თანხა მოვთხოვე, მან შემომითვალა, - მაგ თანხით შენი მკურნალობის ხარჯები დავფარეო. როგორ დავიჯერო, რომ ჩემი მკურნალობა 35 000 ლარი დაჯდა?“ - ამბობს  ყიფიანი.

ქართლოს ყიფიანი ამ ბრალდებას უარყოფს: „ნანი მძიმე ავადმყოფი იყო და საავადმყოფოში იწვა. ჩვენ მას ოთხი თვის განმავლობაში ვუვლიდით. მისი წილი - 5% შეადგენდა 19 700 დოლარს. დღეს ავადმყოფის მოსავლელად ადამიანი რომ დაიქირავო, 1000 ლარი უნდა. საერთო თანხიდან მოვლის ხარჯები გამოვუკელით და 16 000 დოლარი მას გადავეცით. მამიდათქვენს ფინანსურად რომ დაეხმაროთ, ხელწერილს ხომ არ გამოართმევთ, რომ ფული ნამდვილად აიღო? მაგრამ დღეს ნანი ხელებს ასავსავებს და ამბობს, რომ კაპიკი არ აუღია“.

ნანი ყიფიანი კლინიკა „ნევროლოგიაში“ რვა დღის განმავლობაში მკურნალობდა. კლინიკა „ნევროლოგიის“ ბუღალტერის მოვალეობის შემსრულებელს წარვუდგინეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა, რომელიც ამ კლინიკის მიერ არის გაცემული და ვთხოვეთ, რომ დაეანგარიშებინა, თუ რა თანხა დაჯდა ქალბატონი ნანის მკურნალობა 8 დღე-ღამის განმავლობაში. გავარკვიეთ, რომ ინტენსიურ განყოფილებაში პაციენტი  დღე-ღამის განმავლობაში 22 ლარს იხდის. რვა დღის საფასური 176 ლარს შეადგენს. მკურნალობის ერთი კურსი 105 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს. ხოლო კომპიუტერული ტომოგრაფია 150 ლარი ღირს, სულ ჯამში 431 ლარიდან 470 ლარი გამოვიდა.

რადგან ნანი ყიფიანის მოვლა რთული იყო, მას მორიგეობით სამი მომვლელი აუყვანეს. საერთო ჯამში, მათი ანაზღაურება თვეში 360 ლარს შეადგენდა. ერთ-ერთი მათგანი ია დათუნაშვილი დღესაც მასთან მუშაობს. იგი, ორწელიწადნახევარია უფასოდ უვლის მას, ვინაიდან ქართლოსმა მამიდას კონფლიქტის შემდეგ დაფინანსება შეუწყვიტა.

ნანი ყიფიანმა ქართლოსს მოსთხოვა, წარმოედგინა საბუთები რამდენად გაყიდა მან „კომპიუტერში“ მისი წილი, თუმცა ქართლოსმა არ წარუდგინა ნასყიდობის ხელშეკრულება და თანხაც არ გადასცა, არც წილის შემძენის ვინაობა გაუმხილა.

აღნიშნული ფაქტი და ასევე სხვა გარემოებები გახდა მინდობილობის გაუქმების საფუძველი. მინდობილობა ნოტარიულად 2007 წლის 28 დეკემბერს გაუქმდა. მისი გაუქმების გადაწყვეტილება იმთავითვე ცნობილი გახდა ქართლოს ყიფიანის ოჯახისათვის.

მიუხედავად გაუქმებული მინდობილობის ხელშეკრულებისა, ქართლოსმა 2008 წლის 17 იანვარს, ანუ ნოტარიუსის მიერ მინდობილობის გაუქმებიდან 20 დღის შემდეგ, საბუთების მიხედვით, მამიდის სამსართულიანი სახლი თავად გაყიდა, თავადვე იყიდა და 20 ათასი ლარი თავის თავსვე გადაუხადა. თუმცა ამ თანხიდან მამიდისთვის არაფერი მიუცია. სწორედ აქედან დაიწყო დაუმთავრებელი სასამართლოს სერია, რომელიც, უკვე მესამე წელიწადია გრძელდება.

2008 წლის 7 თებერვალს ქალბატონმა ნანიმ სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რათა სასამართლოს ბათილად ეცნო ქართლოს ყიფიანის გაფორმებული ხელშეკრულება საკუთარ თავთან და ქონება კანონიერი მფლობელისთვის დაებრუნებინათ.

2008 წლის 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნანი ყიფიანის სარჩელი დააკმაყოფილა და ბათილად სცნო ქართლოს ყიფიანის მიერ სახლის ყიდვა-გაყიდვის აქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაში წერია: ბათილად იქნას ცნობილი ქ. თელავში, რჩეულიშვილის ქუჩა №4-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული 2008 წლის 17 იანვარს ნანი ყიფიანსა (რწმუნ. ქართლოს ყიფიანი) და ქართლოს ყიფიანს შორის რეესტრის №1-478, დამოწმებული ნინო გინტურის მიერ და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ნანი ყიფიანის სახელზე.

ამის შემდეგ ქართლოს ყიფიანმა ბათილად ცნობილი გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრა და ყველა ინსტანციაში გადაწყვეტილება ქალბატონი ყიფიანის სასარგებლოდ გადაწყდა. ქართლოს ყიფიანი თვლის, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ქალბატონი ნანის თქმით, ქართლოს ყიფიანი დღემდე ამბობს, რომ მას მინდობილობის გაუქმების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია, როდესაც ყიდვა-გაყიდვის აქტი შეადგინა. თუმცა, მინდობილობის გაუქმების შესახებ მისმა მეუღლემ თეა ყიფშიძე-ნიგურიანმა გაუქმების დღესვე გაიგო, იგი იმ დღეს ნანი ყიფიანთან სახლში იმყოფებოდა, რაც სასამართლომ მოწმეების ჩვენებებით დაადასტურა.

ქართლოს ყიფიანის თქმით, მან ამ მინდობილობის გაუქმების შესახებ მხოლოდ სასამართლო პროცესზე გაიგო, როდესაც მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. „ჩემი მეუღლე იქ იმ დღეს საერთოდ არ ყოფილა, ეს ყველაფერი არის ტყუილი, ამან თქვა, რომ მე იქ არ ვყოფილვარო. ეხლა იმათმა აიღეს და ვიღაც სიაფანდი მოწმე მოიყვანეს, რომ ის იქ იყო. ნანი არის მსხვერპლი. იმიტომ, რომ შეუჩნდა არა ერთი პირი, ვისაც გარკვეული ინტერესები აქვს ქონებრივი. მისი ქონებიდან  უნდათ პატარა ნაჭრის წაღება“.

მამიდა - ძმისშვილის დავა ყველა სასამართლო ინსტანციაში განიხილეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ნანი ყიფიანის სარჩელი დააკმაყოფილეს და საქმე მის სასარგებლოდ გადაწყდა. შემდეგ დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდა, საიდანაც საქმე ისევ სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა არსებული არაზუსტი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება და მიიჩნია, რომ იგი უნდა დარჩეს უცვლელი. 2010 წლის 12 აპრილს ქალბატონმა ნანიმ სასამართლო უწყება უზენაესი სასამართლოდან ისევ მიიღო. საქმე განახლდა. ძმისშვილი, ქართლოს ყიფიანი, არ აპირებს მამიდისთვის წართმეული ქონების უკან დაბრუნებას.

თელავში მდებარე სამსართულიან სადავო სახლზე ქართლოს ყიფიანი ამტკიცებს, რომ  სახლი ოჯახური საკუთრებაა. მისი თქმით, სახლის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ ნანი ყიფიანის მეუღლე ლევან დემეტრაძე და ასევე მამამისი  -  ზურაბ ყიფიანიც. „ნანი არის ღრმა ავადმყოფი, რომელსაც სისხლი ჩაექცა თავში და ახლა თავისთვის სასურველ რაღაცებს რეალობად აცხადებს. მზად ვართ, რომ ეს ქონება გადაფორმდეს მის ქალიშვილზე, ანუ ჩემს მამიდაშვილზე. შევთავაზეთ, რომ აი, ბატონო - გითმობთ ამ ქონებას, ოღონდ არა განკარგვის უფლებით. ნანი წინააღმდეგია: ჩემი ქონება მომეცით, და მე ვიცი, რასაც ვიზამ და როგორ ვიზამო“, - ამბობს ქართლოს ყიფიანი.

დედას სურს, რომ სამომავლოდ ანა ია დათუნაშვილთან დარჩეს და მან მოუაროს: „ჩემი სიკვდილის შემდეგ ქონება ანაზე უნდა გადაფორმდეს. ანა იას ძალიან მიეჩვია, ვერ წარმომიდგენია, იას გარეშე როგორ უნდა იცხოვროს“.

ია დათუნაშვილის თქმით: „როდესაც ნანიმ სასამართლოში პირველად იჩივლა, ქართლოსმა ნანის მეგობრებში და ნათესავებში ხმა გაავრცელა, რომ თითქოს ნანი ფსიქიკურად შეიშალა და ამის ნიადაგზე თავადაც არ იცის, რას აკეთებს. ამის გამო, ფსიქონევროლოგიური დისპანსერიდან სპეციალისტები მოვიყვანეთ, რომლებმაც დაასკვნეს: ფსიქიკური ფუნქციების მხრივ მნიშვნელოვანი პათოლოგია არ აღენიშნება. აქვს სიტუაციის ადეკვატურად აღქმის უნარი“.

გასულ ზაფხულს ნანი ყიფიანს, მედიკამენტების უქონლობის გამო, განმეორებით დაემართა ინსულტი. მას ყველანაირი საქმიანობა აუკრძალეს. შიშობს, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ მოესწრება და მისი ერთადერთი ქალიშვილი ანა ახვლედიანი უსახლკაროდ და ლუკმა პურის გარეშე, ქუჩაში აღმოჩნდება.

„ნანი ნაქირავებში რატომ ცხოვრობს? ნუცუბიძეზე მას ბინა ვუყიდეთ. ყველა ყიდულობს მამიდისთვის ბინას? ბინა, რომელზეც ქართლოსი საუბრობს, ნუცუბიძის ფერდობზე მე-4 მიკრორაიონში მდებარეობს და ქართლოსის მეუღლეზე - თეა ყიფიანზეა გაფორმებული.

მამიდა ეჭვობს, რომ ქართლოსი საქმეს სპეციალურად აჭიანურებს, იმედოვნებს, რომ უსახსრობის და უყურადღებობის გამო, დიდხანს ვერ იცოცხლებს.

„სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, მარინა ფარცვანიამ მირჩია, - წლობით სასამართლოში სიარულს, გირჩევნია, შენს ძმისშვილს მოურიგდეო. რატომ უნდა დასჭირდეს შესასწავლად წლები სრულიად ნათელ, უკვე შესწავლილი საქმის გარჩევას? იმიტომ, რომ ქართლოსს არ აწყობს პროცესის დასრულება, ახალგაზრდაა, დრო აქვს. ჩემზე კი ფიქრობს, რომ მალე ბოლო მომეღება. ჩემი შვილი ანა კი შეზღუდული უნარის მქონე ადამიანია და მას იოლად გაუმკლავდება“, - ამბობს  ნანი ყიფიანი.

მისი თქმით, ქართლოსი 2008 წლის ნოემბერში ამხანაგობა „მწერალი 207“-ის თავმჯდომარეს ლილი არჩვაძეს დაუკავშირდა და, როგორც ნანი ყიფიანის მემკვიდრემ, მისი წილის გაყიდვა შესთავაზა. „მწერალი 207“ საცხოვრებელ სახლს აშენებს და აქ  ნანი ყიფიანს 140 კვ.მ. ფართი ეკუთვნის. ამის თაობაზე  ნანიმ ლილი არჩვაძისგან შეიტყო და საკუთარი ქონების ნაწილი გაყიდვას გადაარჩინა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ამხანაგობა „მწერალი 207“-ის თავმჯდომარეს ლილი არჩვაძეს დავუკავშირდით, რომელმაც ზემოთ აღნიშნული ფაქტი დაგვიდასტურა. გვითხრა, რომ მშენებარე საცხოვრებელ სახლში ნანი ყიფიანის წილთან დაკავშირებით ყიფიანის ძმისშვილმა დაურეკა და წილის გაყიდვა შესთავაზა.

65 წლის ნანი ყიფიანი ქალიშვილთან და მომვლელთან ერთად გრიბოედოვის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. აგვისტოს შემდეგ, უსახსრობის გამო, ბინის ქირას ვერ იხდის. ბინის პატრონი ოჯახს გასახლებით ემუქრება.  

სტატია დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების German Marshal Fund-is პროექტის The Black Sea Trust - ის მიერ. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს German Marshal Fund-ის, The Black Sea Trust- ის და მისი პარტნიორების შეხედულებებს. გამოქვეყნდა „ლიბერალში“.

ახალი ამბები